თეთრუაშვილი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (16. VIII. 1864 – 1920), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). 1886 დაამთავრა თბილ. რეალური სასწავლებელი, 1889 – მიხეილის საარტ. სასწავლებელი და 1899 – ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია (I თანრიგით). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და პირველ მსოფლიო (1914–18) ომებში.
1919 დაინიშნა გენ. ა. დენიკინის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ურალის ცალკეული არმიის ურალ-ასტრახანის კორპუსის მეთაურად. მონაწილეობდა ურალის არმიის უკუქცევაში კასპიის სანაპიროს გასწვრივ.
1920 აპრილში ფორტ ალექსანდროვსკში ტყვედ ჩაბარდა წითელ არმიას სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიით, თუმცა მალევე დახვრიტეს.
დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: Волков С., Генералитет Российской империи от Петра I до Николая II, т. 2, М., 2009; Гогитидзе М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე