ეზოვი (ე ზ ი ა ნ ი) კარაპეტ არუთინის ძე (5. IX. 1835, მოსკოვი, – 31. V. 1905, პეტერბურგი), ფილოლოგი, ისტორიკოსი, ეროვნ.- კონსერვატიული, არსებითად, სომხური ნაციონალისტური მიმართულების მოღვაწე. დაამთავრა ქ. მოსკოვის აღმოსავლური ენების ინ-ტი, შემდეგ პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლური ენების განყ-ბა. მთავარი ნაშრომი, რითაც ის შედარებით ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, არის მსხვილფორმატიანი წიგნი „Cношения Петра Великого с армянским народом. წიგნი საარქივო დოკუმენტთა კრებულია, რ-იც 300-ზე მეტ ისტ. საბუთს შეიცავს. მას დართული აქვს ვრცელი ნარკვევი, სადაც რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში ქართ.-სომხ. ურთიერთობის ზოგიერთ საკითხსაც ეხება. სხვა ნაციონალისტ სომეხ ავტორთა მსგავსად, ე-ც ცდილობს საქართვ. ისტორიაზე უარყოფითი საზ. აზრის შექმნას. ამის გამო ილია ჭავჭავაძე შენიშნავდა: „რაც კი სადმე ქართველებზე ცუდი თქმულა, ბ-ნ ეზოვს ყველა თითქოს რაღაც სიხარულით მოუკრებია და გულში გვახლის, რაც კეთილი თქმულა, ყველა ეს სანაქებოდ მიუმალავს". ილიას განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ე-ის მიერ საქართვ. ისტორიის საზიანოდ ფაქტების გაყალბებამ. კერძოდ, 1782 რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს ერეკლე II-ის მიერ გამოთქმული წინადადების კომენტირებისას ე. ცინიკურად განმარტავდა, რომ ერეკლე უთმობდა რუსეთს იმას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თვითონ, უთმობდა უმაღლეს ხელისუფლებას, რ-იც უღონობით, ხელში ვეღარ შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფობის შენარჩუნებას. ამხელდა რა ე-ს ფაქტების გაყალბებაში, ილია წერდა: „ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულ აზრსა: საქართველო საქართველო კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბ-ნ ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელით".
გ. მაისურაძე