მეფრინველეობა, მეცხოველეობის დარგი, რ-ის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ფრინველის მოშენება. მ-ის ძირითადი პროდუქტებია ხორცი და კვერცხი, თანაპროდუქტი – ფრთა-ბუმბული, აგრეთვე სასუქი – გუანო. ფრინველის მალმწიფებადობა, მრავალნაყოფიანობა და აკლიმატიზაციის კარგი უნარი უზრუნველყოფს პროდუქტების მოკლე დროში წარმოებასა და ეკონ. ეფექტიანობას. დიდი სასურსათო მნიშვნელობა აქვს კვერცხს, რ-ისთვისაც ამრავლებენ საკვერცხე მიმართულების ქათმებს. სახორცე ფრინველს მიეკუთვნება ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი, ნაწილობრივ – ციცარი და მწყერი.
ფრინველის მოშინაურებას საფუძველი ჩაეყარა 3 ათ. წლის წინათ ინდოეთში, აქედან გავრცელდა სპარსეთსა და ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ – მთელ მსოფლიოში. მ-ის განვითარებასთან ერთად ყალიბდებოდა სხვადასხვა მიმართულების ფრინველთა კულტ. ჯიშები: საკვერცხე, სახორცე, კომბინირებული, ძიძგილა, დეკორ. და სხვ.
XX ს. დასაწყისამდე მ. საქართველოში წვრილი გლეხური მეურნ. ძირითადი ობიექტი იყო. საბჭ. პერიოდში დაიწყო საზ. მ-ის, როგორც სახ. მეურნ. დარგის განვითარება. ჩამოყალიბდა ფერმები, შეიქმნა სპეციალიზებული მეურნეობები, ფ-კები, საინკუბატორო სადგურები, სანაშენე მეურნეობათა ქსელი. მოხდა მ-ის ინტენსიფიკაცია, კონცენტრაცია და სპეციალიზაცია. 1926 საქართველოში მ-ის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით შემოიყვანეს ქათმის ჯიშები: ლეგჰორნი, როდ-აილენდი, პლიმუთროკი, ვიანდოტი, კორნიში, ავსტრალორპი, ნიუ-ჰემფშირი, რუს. თეთრი; ინდაურის ჯიშები: ამერ. ბრინჯაოსფერი, მოსკოვური თეთრი; იხვის ჯიშები: პეკინური, ინდური მარბოლარები; ბატის ჯიშები: ხოლმოგორული, ტულუზური და სხვ.
ჰიბრიდული მეკვერცხული ფრინველის მისაღებად საქართველოში იყენებდნენ ლეგჰორნის კროსს; კომბინირებული ჯიშებიდან – ნიუ-ჰემფშირს, მოსკოვურს; მეხორცული მოზარდეული-დან ბროილერების მისაღებად – თეთრ კორნიშსა და პლიმუთროკს; მეფრინველეობის ფ-კებში ინდაურებიდან – ჩრდ. კავკ. ბრინჯაოს-ფერს, თეთრ მკერდფართოს, ადგილობრივს; იხვებიდან – პეკინურსა და უკრაინულს; ბატებიდან – მსხვილნაცარას, ხოლმოგორულს, ადგილობრივს. საქართველოში მოშენებული იყო ადგილ. მეხორცეულ-მეკვერცხეული მიმართულების ქათმის ხუთი პოპულაცია (ჩალისფერი, შავი, ნაცარა, მეგრულა და ყელტიტველა), აგრეთვე ჩალისფერი, შავი, ვერცხლისფერი და ბრინჯაოსფერი ინდაური; ჭრელი იხვი; ჯავახური რუხი და ჭრელი ბატი. XIX–XX სს. მიჯნაზე დას. საქართველოდან ფრინველის კვერცხი გაჰქონდათ ისეთ სამრეწვ. ცენტრებში, როგორიცაა ვენა, ჰამბურგი, ბერლინი, პარიზი და ლონდონი.
1950 საქართველოში მოქმედებდა გაგრის, ნორიოს, ბათუმის, საგარეჯოს, თამარისის, წყალტუბოს, სამტრედიისა და სხვა მ-ის ფერმები. 1965 შეიქმნა სახელმწ. ორგანიზაცია – გაერთიანება „ფრინველმრეწვი“, რ-შიც გაერთიანდა სანაშენე მეურნეობები, სასაქონლო მეფრინველეობის ფ-კები და ფერმები, საინკუბაციო სადგ-ები და სხვ.; სამეცნ. მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებში, ზოგიერთ სას.-სამ. სასწავლებელში, ზოოტექ.-სავეტერინარო სასწავ.-კვლ. ინ-ტში, ამიერკავკ. ზონალურ საცდელ სადგურში და სხვ. მ-ის შესახებ მასალები ქვეყნდებოდა ჟურნ.
„საქართველოს სოფლის მეურნეობაში“. სამეცნ.-კვლ. საქმიანობას ეწეოდა ნ. მკურნალი (1904-იდან მ-ის საზ-ბის ამიერკავკ. განყ-ბის ხელმძღვ.), 30-იან წლებში – ი. ჯანდიერი.
2000-იდან დაიწყო კვერცხისა და ფრინველის ხორცის მწარმოებელი ინდუსტრიული საწარმოების მოწყობა. 2020-ში აღირიცხა 10,2 მლნ. ფრთა ფრინველი, კვერცხის წარმოებამ შეადგინა 674, 5 მლნ. ცალი, ხორცისამ კი – 24,2 ათ. ტონა (ნაკლავის მასით). ადგილ. სახეობების, ჯიშებისა და პოპულაციების მოძიებას, მიზნობრივად მოშენებას, მომრავლებასა და გავრცელებას ხელმძღვანელობს საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნ.-კვლ. ცენტრი. 2000-იდან საქართველოში ამოქმედდა მეკვერცხული და ბროილერული (მეხორცეული) მიმართულების მეფრინველეობის საწარმოო ფერმები: შპს „მუხრანი“ (2000), შპს „კოდა ჯორჯია“ (2002), სოფ. კოდის (თეთრი წყაროს მუნიციპ.) მ-ის ფერმის ბაზაზე – შპს „დილა“ (2006), შპს „ჩირინა-ბიუ–ბიუ“ (2010) და მრავალი მცირე ფერმა და ფერმერული მეურნეობა. მ-ის საწარმოო ფერმებთან, ასევე პირველი და მეორე რიგის რეპროდუქტორებთან (სადაც ხდება მშობელთა ფორმების გამოზრდა ჰიბრიდული ფრინველის მისაღებად) არსებობს მ-ის საინკუბაციო საამქროები, რომელთა დანიშნულებაა კვერცხის ინკუბაცია და სას.-სამ. ფრინველთა მოზარდეულის გამოყვანა. მ-ის ფერმაში გვხვდება სხვადასხვა საამქროები: სადედე გუნდის, ფრინველის დაკვლისა და გადამუშავების, კვერცხის დახარისხება-შეფუთვის. ნარჩენების გადამუშავების და სხვ.
ლიტ.: ანთაძე ნ., მეფრინველეობა, თბ., 1966; მისივე, სანაშენე მუშაობა მეფრინველეობაში, თბ., 1973; ნოზაძე რ., ზავრაშვილი ვ., მეფრინველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია, თბ., 2007.
ნ. ანთაძე
კ. ნაცვალაძე