მექვაბიშვილი ვლადიმერ (ლადო) ერმილეს ძე (21. XI. 1928, ოზურგეთი, – 27. X. 2016, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1979). 1947-იდან იყო ოზურგეთის თეატრის სცენის თანამშრომელი, ხოლო 1949–63 – ამავე თეატრის მსახიობი, 1964-იდან გარდაცვალებამდე – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მსახიობი. შესრულებული როლები: ოზურგეთის თეატრში – ზურიკელა, სოსოია (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე
ვხედავ მზეს“), მარშალი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), არისტო (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ქუჩარა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“) და სხვ.; მოზარდ მაყურებელთა თეატრში: – ბაბუა (ე. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), მეფე (გ. ნახუცრიშვილისა და გ. გამრეკელის „ნაცარქექია“), მისტერ ბენქსი (პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“), კარლსონი (ა. ლინდგრენის „კარლსონი სახურავზე“), და სხვ. მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში: „უცნაური მისის სევიჯი“ (ჰანიბალი), „ბაკულას ღორები“ (ჩინოვნიკი), „ირინეს ბედნიერება“ (სოკრატე), „მარადისობის კანონი“ (გამომძიებელი) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „ატრაქციონი“ (რეჟ. ო. შამათავა, 1995), „მდგმურები“ (რეჟ. დ. ჯანელიძე, 1989), „ლომა“ (რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1987), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე’’ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1978) და სხვ.; მონაწილეობდა ტელესერიალებში „ცხელი ძაღლი“ და „ყავა და ლუდი“. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (არჯევანი; მ. ჯაფარიძის „ჩვენებურები“, 1985). მიენიჭა თეატრ. საზ-ბის პრემია. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998).