მექვიშიასებრნი (Gerbilinae), მღრღნელების რიგის, თაგვისებრთა ოჯახის ქვეოჯახი. მოიცავს 14 გვარის 110 სახეობას, გავრცელებულია აზიაში, აფრიკასა და აღმ. ევროპაში. ბინადრობს ველებზე, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. ვრცელდება ვერტიკალურად ზ. დ. 3250 მ-ზე, სახეობების უმეტესობა გარეგნულად ვირთაგვას წააგავს. სხეულის ზომაა 5–20 სმ, კუდი ძირითადად სხეულზე გრძელია – 5,6–24 სმ. წონა – 10–230 გ. შეფერილობით ერთფეროვანია, მოყვითალო-მორუხო, ზოგჯერ მოყავისფრო, ან მონარინჯისფრო. მუცლის მხარე უფრო ღიაა, ვიდრე ზედა მხარე, ზოგჯერ თითქმის თეთრი. სახეობების უმეტესობას კუდზე ფუნჯი აქვს. კარგად დახტის (ზოგი სახეობა – 3,5 მ-მდე). მრავლდება წელიწადში 1–3-ჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ძალიან ცხელ უდაბნოებში – ზამთარში, შობს 4–7 შიშველ უმწეო ნაშიერს. იკვებება მცენარეებით, ძირითადად მარცვლეულით, იშვიათად მწერებით. საქართველოში ბინადრობს ორი სახეობა – წითელკუდა მექვიშია (Meriones libycus), რ-იც გავრცელებულია მტკვრის მარცხ. მხარეს, თბილისიდან უკიდურეს აღმოსავლეთამდე და მცირეაზიური მექვიშია (Meriones tristrami), გავრცელებულია მტკვრის მარჯვ. მხარეს კუმისის ტაფობზე და სამხრეთისკენ სომხეთის საზღვრამდე. წითელკუდა მექვიშია შავი ჭირის ძირითადი მატარებელია როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში. მცირეაზიურ მექვიშიას სიმცირის გამო ეპიზოტიური და სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. მცირეაზიური მექვიშია შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.
ა. ბუხნიკაშვილი