მეღვინე, საღვინის მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. ექვემდებარებოდა სამეფო კარის საღვინის უწყების ხელმძღვანელს – მეღვინეთუხუცესს.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ (XIII ს.) თანახმად, მ. საღვინის მუქიფთან (ძღვნის გამგე) და საღვინის მოლარესთან (საღვინის ქონების მცველი) ერთად მსახურობდა მეფის სასახლის საღვინეში. მათ
ევალებოდათ მეფის მომსახურება საწოლში (მეფის აპარტამენტი) და ნადიმის დროს. რიგითი მ-ების ფუნქციაში შედიოდა საღვინის, იარაღისა და მანდილის (ხელსახოცი) სისუფთავეზე ზრუნვა: „მანდილი ... რა დამტვერიანდეს, გარეცხვა უნდა. საფარეშოს მიიღებს მეღვინე და ერთს მაშრაპას ღვინოს მიართომს, გარეცხენ და საღვინესვე მიიღებენ“.
მ-ს ეძლეოდა სარგო. მეღვინეთუხუცესს ასევე ექვემდებარებოდა პირის მ. (პირის მწდე) და მეტიკისპირე. მათ შორის ფუნქციები მკაფიოდ იყო განაწილებული: მეტიკისპირეს სასახლემდე ღვინო უნდა მიეტანა და „კართან დაედო", მაგრამ სასახლეში შესვლის უფლება არ ჰქონდა, მ-ის პირდაპირი მოვალეობა კი იყო საღვინის მოვლა, ღვინის მომარაგება და შენახვა. დიდი მეჯლისის დროს პირის მ-ს მეფისათვის უნდა მიერთმია ღვინო. მ-ები მეღვინეთუხუცესთან ერთად მეფეს თან ახლდნენ მცირე მეჯლისისა და სხვა გადაადგილების დროს.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII საუკუნეებში, თბ. 1983; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე