მეღვინეთუხუცესი ოთარ ვახტანგის ძე (16. I. 1932, თბილისი, – 9. V. 2013, იქვე). თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. (1973) და სსრკ სახალხო (1979) არტისტი, შოთა რუსთაველის (1998) და საქართვ. სახელმწ. (2001) პრემიების ლაურეატი. 1954 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მარჯანიშვილის (1954–61, 1962–67, 1975–2013; 1996–2006– სამხატვრო ხელმძღვ.), სანკულტურის (1961–62), რუსთავის (1967–75) თეატრებში. შესრულებული როლებია: სანკულტურის თეატრში – გივი (ლ. იოსელიანის „ჩვენი ერთი საღამო“), რეზო თარხნიშვილი (ვ. აქსიონოვისა და ი. სტაბოვოის „კოლეგები“); რუსთავის თეატრში: სირანო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ნიკოლოზ პირველი (ვ. კოროსტილიოვის „ასი წლის შემდეგ“), ფიროსმანი (ვ. კოროსტილიევის „მარტოობის დღესასწაული“, კ. მარჯანიშვილის პრემია, 1975 ), სატინი (მ. გორკის „ფსკერზე“), ძია ისიდორე (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვ.; მარჯანიშვილის თეატრში: – ვეზირი (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე“), გრაფი ბევერლი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“), ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილი (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ლორდ ლეველი, ოტელო, ანტონიუსი, მეფე ლირი (უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“, „ოტელო“, „ანტონიუსი და კლეოპატრა“, „მეფე ლირი“), რუფიო (ბ. შოუს „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“), ონდრა (კ. ჩაპეკის „დედა“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), რომულუს ავგუსტუსი (ფ. დიურენმატის „რომულუს დიდი“), უჯუშ ემხა (ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“), ლეო (ლ. როსებას „პროვინციული ამბავი“), თავადი გიორგი (გ. რობაქიძის „გრაალის მცველნი“), კრეონი (ჟ. ანუის „ანტიგონე“), პილატე („პილატე“, მ. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ მიხედვით) და სხვ.
ეკრანზე შექმნა თანამედროვეთა, ისტორიულ გმირთა და ლიტერატურულ პერსონაჟთა სახეები: ჯამბულათი („ფატიმა“, რეჟ. ს. დოლიძე, 1958), გიგა ბეთანელი („კეთილი ადამიანები“, 1961), გვადი (1963, „ვინ შეკაზმავს ცხენს?“ ორივეს რეჟ. შ. მანაგაძე), ბონდო („თავადის ქალი მაია“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1961), ჯოყოლა („ვედრება“, რეჟ. თ. აბულაძე, 1967), გაიოზ გადალენდია („ტარიელ გოლუა“, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1968), მეფე გიორგი („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), მუჰამედი („სამკაული სატრფოსათვის“, რეჟ. თ. აბულაძე, 1971), ცოტნე დადიანი („ცოტნე დადიანი“, რეჟ. ა. ჟღენტი, 1972), ალონსო („მშვიდობით, ინესა!“, რეჟ. ი. ასათიანი, 1972), არზაყან ზვამბაია („მთვარის მოტაცება“, რეჟ. თ. მელიავა, 1973), ვახტანგი („მზე შემოდგომისა“, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1973), ელიოზი („ნატვრის ხე“, რეჟ. თ. აბულაძე, 1976), ნიკო ფიროსმანი („გაგიმარჯოთ ყველას!“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1980), ფაღავა („ძმა“, რეჟ. თ. ბაბლუანი, 1982), ისიდორე სალარიძე („თეთრი ბაირაღები“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990), მოტლ რაბინოვიჩი („განვედი ჩემგან!“, რეჟ. ა. ასტრახანი, რფ, 1990; ტოკიოს საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 1991), ქაიხოსრო („წარსულის აჩრდილები“, რეჟ. ლ. თუთბერიძე, 1996). განსაკუთრებით აღსანიშნავია სიმართლისთვის მებრძოლი კეთილშობილი აბრაგის - დათა თუთაშხიას როლი მრავალსერიან ტელეფილმში „დათა თუთაშხია“ (რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978, სსრკ სახელმწ. პრემია, 1981). ეპიზოდური როლები შეასრულა მხატვრულ („ვამეხი მოდის“, „ჭიდაობას რა უნდა“, „იავნანა“ და სხვ.) და სატელევიზიო ფილმებში.
მ. ქართული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. შესანიშნავი გარეგნობა, სცენური მომხიბვლელობა, ძიებისა და შრომისმოყვარეობის ამოუწურავი უნარი განსაზღვრავდა თითქმის ყოველი მხატვრული სახის წარმატებას. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000), მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი (2006), 9 აპრილის ბაღში დაიდგა მ-ის ძეგლი (2)15; მოქანდაკე ლ. ვარდოსანიძე). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: კიკნაძე ვ., ოთარ მეღვინეთუხუცესი, თბ., 1979: ოთარ მეღვინეთუხუცესი: ნიღბის მიღმა, თბ., 2)17; ღონღაძე ლ., ოთარ მეღვინეთუხუცესი, თბ., 1997.
თ. კახიანი
მ. კერესელიძე