მეჩეთი

მეჩეთი (<არაბ. მასჯიდ – თაყვანისცემის ადგილი), მუსლიმური საკულტო ნაგებობა. VII ს-ში ჩამოყალიბდა გეგმით სწორკუთხა მ-ის ტიპი, რ-ის ეზოსაც გარს ერტყა გალერეა, ხოლო მრავალსვეტებიანი სალოცავი დარბაზის მექისკენ მიმართულ კედელში მოთავსებული იყო ერთი ან რამდენიმე მიჰრაბი (ომაიანთა მეჩეთი დამასკოში, (705–715).

გარდა მიჰრაბისა, მ-ის აუცილებელი ატრიბუტია მინბარი (კათედრა დიდ მეჩეთში კიბითურთ, მიჰრაბის მარჯვ. მხარეს, საიდანაც იმამი ან სხვა სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს), ასევე მ-ის დამახასიათებელი ელემენტია მინარეთი – კოშკი, საიდანაც მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუხმობს. მორწმუნე მ-ში შედის მარჯვენა ფეხით და გამოდის მარცხენით. დიდ მეჩეთებს, სადაც პარასკევის ლოცვა სრულდება, ეწოდება პარასკევის მ. (მასჯიდ ალ ჯუმა) ან საკრებულო მ. (მასჯიდ ალჯამი, აჭარაში – ჯამე).

ჩვეულებრივ, მ-ს ამკობენ სტუკოზე ამოკვეთილი ორნამენტით, აგურისა და ქვის წყობით გამოყვანილი მორთულობით, ინკრუსტაციით, მოზაიკით, მოხატულობით. თანამედროვე მ-ს აგებენ უახლესი სამშენებლო მასალით, მაგრამ ძირითადად ინარჩუნებენ ძვ. დაგეგმარებას. საქართველოში არსებულ მ-ებს შორისაა თბილ. ჯუმა მ., რ-იც ერთადერთია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.

                                                                                                                                       თ. გერსამია