იბერიური დამწერლობა

იბერიური დამწერლობა. გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება – იბერია სამწერლობო ტრადიციის მქონე ქვეყანაა. სწორედ იბერიის პერიოდს ემთხვევა ლეონტი მროველისეული ცნობა ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ და ის პარალელს პოვებს იუდაისტურ, ბერძნ.-რომაულ, ბიზანტ. და სირიულ-აღმოსავლურ ისტორიოგრაფიაში მრავალი საუკუნის განმავლობაში (III–XVIII სს.) საყოველთაოდ გაზიარებულ ტოპოსთან იბერიელთა სამწერლობო ტრადიციის შესახებ. ეს ტოპოსი არის ერთ-ერთი რუბრიკა მსოფლიოს ხალხთა და ენათა კლასიფიკაციის პირველი ნუსხის, ე. წ. დიამერიზმებისა: Διαμερισμὸς τῆς γῆς εἰς τοὺς τρεῖς υἱοὺς τοῦ Νῶε, tabula linguarum et populorum).

დიამერიზმები, როგორც სამყაროს ერთიანი, უნივერსალური ისტორიის ტოპოსი, ჩამოყალიბდა ახ. წ. I ს-ში (93) იოსებ ფლავიუსის საისტორიო თხზულებაში Ἰυδαικὴ Ἀρχαιολογία (იუდაებრივი სიძველენი). ამ სქემის მიხედვით რელიგიურ ისტორიოგრაფიაში გამორჩეული სტატუსით დაკანონდა ბიბლ. წარმომავლობის 72 ეთნოსი და ენა (იხ. შესაქმე 10, ნეშტთა I, 4–24). ახ. წ. 218–235 იპოლიტე რომაელისა და სექსტუს იულიუს აფრიკანუსის ქრონიკებში ბიბლ. 72 ეთნოსი და მათი ენები კლასიფიცირდა კულტურული ნიშნითაც, კერძოდ, სამწერლობო ტრადიციით: საკრალურ 72-ს ცალკე გამოეყო სემის, ქამისა და იაფეტის თხუთმეტი შთამომავალი, რ-თაც სამწერლობო ტრადიციები აქვთ, ანუ წერა-კითხვა იციან (Οἱ ἐπιστάμενοι αὐτῶν γράμματα, qui litterati sunt). III ს-
იდან მოყოლებული, რელიგიური ისტორიოგრაფიის წყაროთა მიხედვით, იაფეტის შთამომავალთაგან ხუთი სამწერლობო ტრადიციების მქონეა; მათგან თითქმის ყველგან პირველი ადგილი უკავიათ იბერებს (’′Ιβηρες, ibirii, iberi), რ-ებიც სირიულ-აღმოსავლურ წყაროებში ზოგჯერ ჩანაცვლებულია ეთნონიმით: Gurzani, Georgii. მაგ., იპოლიტე რომაელის თანახმად: Οἱ δὲ ἐπιστάμενοι αὐτῶν γράμματά ειՙσιν [Japhet]: Ἴβηρες, Λατῖνοι, οἷς χρῶνται οἱ ‘Ρωμαῖοι, Σπανοί, Ἥλληνες, Μῆδοι, Ἀρμένιοι [მათგან ისეთები, რ-თაც სამწერლობო ტრადიციები აქვთ, არიან (იაფეტისაგან): იბერები, ლათინები, რ-ებიც რომაელებად იწოდებიან].

იმავეს (სხვადასხვა ვერსიით) იმეორებს III–XVIII სს. თითქმის ყველა წყარო, რ-იც დიამერიზმების ამ მოდელს იყენებს,
მ. შ. იულიუს აფრიკანუსის ქრონიკა, დიამერიზმების VII ს. ლათინური რედაქცია, IX ს. სირიული ვერსია, XI–XII სს. კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ევტუხეს (Eutychios vel Sa!ǐd ibn Batrǐk) რედაქცია და ა. შ.

ეს ტოპოსი იუდაისტურ ისტორიოგრაფიაშიც აისახა; III ს-იდან მოყოლებული თალმუდის ტექსტის განმარტებებში, ხელნაწერთა სქოლიოებსა თუ მინაწერებში სხვადასხვა ეგზეგეტიკურ საკითხებზე მსჯელობისას არაერთგზის დასტურდება ცნობა დამწერლობის მქონე ხალხთა (მ. შ. იბერიელების) შესახებ.

დიამერიზმებში დასახელებულ ნაკლებად ცნობილ ხალხთა, მ. შ. იბერიელთა, იდენტიფიკაციის საკითხები ინტენსიური კამათის საგანი იყო ევროპის სამეცნ. წრეებში XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. ამ დისკუსიის ამსახველი სტატიები 10 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა თეოლოგიური ჟურნალის „Zeitschrift für die alttestamentliche Wissenschaft“ ფურცლებზე. ცნობილმა მეცნიერებმა – ს. კრაუსმა, გ. მიულენჰოფმა, ა. გუთშმიდმა, ს. პოზნანსკიმ, ზ. ბერგერმა, ვ. ბახერმა, მ. შტაინშნაიდერმა საგანგებო ნაშრომები მიუძღვნეს ამ საკითხებს. მათი თვალსაზრისი ი. დ-ის სიძველის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ერთნი ამას შეუძლებლად მიიჩნევენ. მეორე ჯგუფმა, განსაკუთრებით ძვ. აღთქმის ცნობილმა მკვლევარმა ს. კრაუსმა, დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ იბერიელებისა და მათი დამწერლობის მოხსენიება ადრეულ ტექსტებში სრულიად კანონზომიერი იყო: „დიამერიზმების ანბანურ დამწერლობათა კატალოგებში იბერიული დამწერლობა ყველგან შეტანილია და საყურადღებოა ისიც, რომ ბიბლიურ 70 თუ 72 რესპექტულ ენათა 15 დამწერლობას შორის იბერიული ყოველთვის პირველ ადგილასაა ნახსენები. [...] ჩვენ მიერ მიმოხილული წყაროები იმდენად სანდოა, რომ გაუმართლებელი ხდება ყოველგვარი ეჭვი იბერიელთა დამწერლობის ირგვლივ“ (S. Krauß, 1906: 43–44).

გვიანანტიკურსა და შუა საუკუნეების ფართო ისტორიოგრაფიულ კონტექსტში III–XVIII სს. განმავლობაში ამ ტოპოსის უწყვეტად მოხსენიება იმის დასტურია, რომ ი. დ. ახ. წ. III ს-თვის იმდროინდელი კულტურული სამყაროსთვის კარგად ცნობილ რეალობას წარმოადგენს.

უწყვეტი და მკაფიო ისტორიოგრაფიული ტრადიციისაგან განსხვავებით, ი. დ-ის სანდო, უეჭველი იდენტიფიცირება არქეოლ. (ეპიგრაფიკული) მასალის საფუძველზე დღემდე მიღწეული არ არის.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., ქართლის ცხოვრება. მარიამ დედოფლის ვარიანტი. დამატება I: თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი, თარგმანი დაბადებისათჳს ცისა და ქუეყანისა და ადამისთჳს, თბ., თაყაიშვილი ე., აპოკრიფული თხზულება, რომელიც წინ უძღვის „ქართლის ცხოვრების“ მაჩაბლისეულ ხელნაწერს, იხ. «ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე» ტ. 17, 1953; კეკელიძე კ., ხალხთა კლასიფიკაციისა და გეოგრაფიული განრიგების საკითხები ძველ ქართულ მწერლობაში, იხ. მისი: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ.1, თბ.,1956; Bacher W., Zur Zahl der biblischen Völkerschaften, (Maguar Zsido Szelme XI Budapest (1902), Bauer A. – R. Helm (edd.), Hippolytus: Chronicon (=Hippolytus: Werke IV), Leipzig. Brooks, Guidi, Chabot, 1955, Descriptio populorum et plagarum (De familiis linguarum), (Corpus Scriptorum Christianorum Orientalium. vol. 6 Scriptores Syri, t. VI, Paris, deinde Louvain/Leuven, 1903); Gelzer H., Sextus Julius Africanus und die byzantinische Chronigraphie, Leipzig, 1894; Gutschmid A., Untersuchungen über den Diamerismò und andere Bearbeitungen der Mosaischen Völkertafel, იხ. Gutschmid A.: Kleine Schriften V, Leipzig. Dillmann A., Das Buch der Jubileen oder die kleine Genesis, Tübingen. Doborjginidze N., Christian Historiography and the Topos of Fifteen Literary Languages (Evidence on the Iberian Script, «The Kartvelologist» (13)- Journal of Georgian Studies, Tbilisi; Krauß S., Die Zahl der biblischen Völkerschaften, («Zeitschrift für die alttestamentliche Wissenschaft», (ZAW) 19,  Gießen). Krauß S.,  («Zur Zahl der biblischen Völker, ix. Zeitschrift für (die alttestamentliche Wissenschaft», (ZAW) 20, 26, Gießen). Lagarde Paul de, Praetermissorum libri duo,  Göttingen;  Lagarde Paul de, Biblische Völker, (Die Goettingischen gelehrten Anzeigen, Bd. 4, Göttingen, Mommsen Th., Über den Chronographen vom Jahre 354, («Abhandlungen der Philologisch-historischen Classe der Königlich Sächsischen Gesellschaft der Wissenschaften», Leipzig, (1850); Müllenhoff P., Die römische Weltkarte und Chronographie, (Deutsche Altertumskunde, III. Berlin 1892); Nestle E., Die Schreibkundigen Völker von Genesis 10, («Zeitschrift für die alttestamentliche Wissenschaft (ZAW) 25, Gießen). Poznański S., Zur Zahl der biblischen Völker, («Zeitschrift für die alttestamentliche Wissenschaft», (ZAW) 24, 1904;  Gießen).

ნ. დობორჯგინიძე