იოანე პავლე II (ლათ. Ioannes Paulus II; იტალ. Giovanni Paolo II; პოლ. Jan Paweł II), ერისკაცობაში – კაროლ იოზეფ ვოიტილა (Woityla) [18. V. 1920, ვადოვიცე (პოლონეთი), – 2. IV. 2005, ვატიკანი], რომის პაპი 1978–2005. 1946 ეკურთხა მღვდლად. 1962–65 მონაწილეობდა მსოფლიო საეკლ. კრებებში; 1967 გახდა კარდინალი, 1978 წ. 16 ოქტომბერს კი – რომის პაპი. ი. პ. II (1523-იდან მოყოლებული) იყო პირველი არაიტალიელი (პოლონელი), რ-იც რომის პაპად აირჩიეს. არის მრავალი ლიტ. ნაწარმოების ავტორი. 1980 ვატიკანში საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდა ი. პ. II-ს, სადაც გადაწყდა, რომ ქართველ მკვლევარებს მუშაობის უფლება ეძლეოდათ ვატიკანის არქივებში, ასევე, თბილისში 1992 გაიხსნა ვატიკანის წმინდა საყდრის სადესპანო. 1999 წ. 8 ნოემბერს ი. პ. II ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
2011 პაპმა ბენედიქტე XVI-მ ი. პ. II ნეტარად შერაცხა.