თაყაიშვილი დიმიტრი გიორგის ძე

თაყაიშვილი დიმიტრი გიორგის ძე (6. I. 1919, თბილისი, – 20. III. 1998, იქვე), ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1964). საქართვ. სახ. მხატვარი (1983). საქართვ. მხატვართა კავშირის პირველი მდივანი (1978–82). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1944). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. სიდამონ-ერისთავი, დ. კაკაბაძე, ა. ქუთათელაძე. აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1968-იდან – პროფესორი). 1945–50 მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც სხვადასხვა თეატრში ოცამდე სპექტაკლი გააფორმა. 1950-იდან თბილისში დაბრუნდა. იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. დრამატული, თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. და ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრების მხატვარი, მთ. მხატვარი, 1957-იდან – კინოკონცერნ „ქართული ფილმის“ მხატვარი. თ-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის კინოსა და ტელევიზიის მხატვართა მრავალი თაობის აღზრდასა და დაოსტატებაში. იყო თბილ. სამხატვრო აკადემიაში თავისსავე დაარსებული კინო-ტელემხატვართა სახელოსნოს უცვლელი ხელმძღვანელი. გაფორმებული აქვს 80-ზე მეტი სპექტაკლი და კინოფილმი. სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“ (1949), „ახალგაზრდა მასწავლებელი“ (1951 – ორივე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრი), ბ. ლავრენიევის „რღვევა“ (1952), უ. შექსპირის „ოტელო“ (1955), „რომეო და ჯულიეტა“ (1961; ყველა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრი); კინოფილმებიდან: „განაჩენი“ (1961), „თოჯინები იცინიან“ (1963), „თეთრი ქარავანი“ (1964), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „არ დაიდარდო“ (1968–69), „პირველი მერცხალი“ (1975–76) და სხვ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.