„თბილავიამშენი“ (სააქციო საზოგადოება), თვითმფრინავმშენებლობის მსხვილი სამრეწველო საწარმო, ყოფილი თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის № 31 საავიაციო ქარხანა. შეიქმნა 1941 წ. ოქტომბერში (ოფიციალურად გაფორმდა იმავე წლის 20 დეკემბერს) აქვე მშენებარე № 448 ავიაძრავმშენებელი, აგრეთვე თბილისში ევაკუირებული ტაგანროგის გ. დიმიტროვის სახ. № 31 საავიაციო და სევასტოპოლის № 45 ავიასარემონტო ქ-ნების ბაზაზე II მსოფლიო ომის საჭიროებისათვის. თვითმფრინავების ფართომასშტაბიანი წარმოებისათვის ქ-ნას შეუერთეს თბილ. თუჯის ჩამომსხმელ-მექან. ქ-ნა და მუს. ინსტრუმენტების ფ-კა, რ-ებიც ომის დამთავრების შემდეგ აღადგინეს როგორც დამოუკიდებელი სამრეწვ. საწარმოები. ქ-ნამ პირველი თვითმფრინავი – გამანადგურებელი ლაგგ-3 1941 წ. ნოემბერში გამოუშვა (კონსტრუქტორები: ს. ლავოჩკინი, ვ. გორბუნოვი, მ. გუდკოვი), ხოლო 1942-იდან შეუდგა მათ სერიულ წარმოებას. იმავე წელს ქ-ნამ ახ. გამანადგურებელი თვითმფრინავი ლა-5 გამოუშვა, 1944 კი – ახ. ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი იაკ-3. თბილ.საავიაციო ქ-ნაში მზადდებოდა აგრეთვე 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმების კორპუსები და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პპშ-ს ლულები. ომის პერიოდში თბილ.საავიაციო ქ-ნა ერთადერთი საწარმო იყო, რ-იც გამანადგურებელი თვითმფრინავებით ამარაგებდა ამიერკავკ. და ჩრდ. კავკ. ფრონტებს. ომის დამთავრების შემდეგ, 1946, საწარმომ გამოუშვა საბჭ. კავშირში პირველი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი იაკ-15, მომდევნო წლებში – ამ თვითმფრინავის მოდიფიკაციები (იაკ-17, იაკ-17უტი), 1949–51 კი იაკ-23 რეაქტიულ გამანადგურებლებს აწარმოებდა. 1952–57 ქ-ნაში მზადდებოდა ახ. რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავები: მიგ-15, მიგ-17, 1957-იდან კი – რეაქტიული ზებგერითი გამანადგურებელი მიგ-21-ის, ორადგილიანი საწვრთნელ-საბრძოლო ვარიანტის სხვადასხვა მოდიფიკაციები. 1958–68 ქ-ნა უშვებდა ხომალდსაწინააღმდეგო ზებგერით ფრთოსან კ-10 მარკის რაკეტებს, 1959–66 კი – მფრინავ რადიოსამართავ ლა-17 და ლა-17მ სამიზნეებს. 1962 დასრულდა ქ-ნის დიდი მოცულობის საამწყობო კორპუსის მშენებლობა. 1978-იდან საწარმო შეუდგა უახლესი სუ-25 რეაქტიული საარმიო მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებას, 1984-იდან კი დაიწყო ამ თვითმფრინავის სუ-25კ მოდიფიკაციის, შემდეგ კი ტანკსაწინააღმდეგო ვარიანტის სუ-25ტ დამზადება,1980-იდან კი – „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რ-60 და რ-73 კლასის მართვადი რაკეტების გამოშვება. ქ-ნა თავისი თვითმფრინავებითა და რაკეტებით აკომპლექტებდა საბჭ. კავშირის სამხ.-საჰაერო ძალებსა და სამხ.-საზღვაო ფლოტის ავიაციის შენაერთებს. თვითმფრინავების გარკვეული რაოდენობა საექსპორტოდაც იგზავნებოდა.
1985 თბილ. საავიაციო ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა საავიაციო საწარმოო გაერთიანება, რ-შიც თბილ. სათავო ქ-ნის გარდა შევიდა აგრეთვე ცხინვალისა და ნინოწმინდის ფილიალები. 1991-იდან საწარმოს თბილ. სახელმწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანება ეწოდა. 1996-იდან უშვებდნენ 2-ადგილიან საწვრთნელ-საბრძოლო მოდიფიკაცია სუ-25უ-ს. ქ-ნის მიღწევას წარმოადგენს 1999 კოსმ. პროგრამით გათვალისწინებული უნიკალური ანტენა-რეფლექტორის (ავტორი ე. მეძმარიაშვილი), აგრეთვე სწრაფად გასამართი ხიდების დამზადება. 2000 წ. მარტიდან თბილ. სახელმწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „თბილავიამშენი“. ამავე წელს საწარმომ ისრაელის ფირმა „ელბიტ სისტემსთან“ ერთად სუ-25კ ბაზაზე შექმნა მოდერნიზებული თვითმფრინავი სუ-25კმ „სკორპიონი“, რ-იც აღჭურვილი იყო დას. თანამედროვე საპილოტაჟო-სანავიგაციო, რადიოელექტრონული და შეიარაღების სისტემებით. იგი 2001 წ. ივნისში წარდგენილი იყო პარიზში ლე ბურჟეს საერთაშ. ავიასალონზე, სადაც შეასრულა საჩვენებელი ფრენები და დამსწრე სპეციალისტებისა და ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 2001 ქ-ნამ მიიღო ხარისხის მართვის საერთაშ. სერტიფიკატი.
1999-იდან განხორციელდა საწარმოს რესტრუქტურიზაციის, ოპტიმიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროცესები. 2002 მარტიდან შპს „თბილავიამშენმა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად. საბჭ. კავშირის საავიაციო საწარმოებს შორის „თ.“ 2002 პირველი შეუდგა კომპოზიციური მასალებისგან 4- და 7-ადგილიანი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავები „TAMJET-ისა“ და „ELITJET-ის“ წარმოებას. საწარმო აგრეთვე ასრულებდა სუ-25 თვითმფრინავების, სხვადასხვა მოდიფიკაციის მი-8 და მი-24 შვეულმფრენების მიმდინარე და კაპიტ. რემონტს.
2003 წ. მარტიდან სააქციო საზ-ბა „თ-ის“ სახელმწ. საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტი (100%) საქართვ. ქონების მართვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე 10 წლის ვადით სამართავად გადაეცა კონკურსში გამარჯვებულ სპეციალურად შექმნილ კერძო სამმართლის იურიდ. პირს შპს „თ-ს“, ხოლო 2004 განხორციელდა საწარმოს პრივატიზება და აქციათა პაკეტის 90%-ის შპს „თ-თვის“ პირდაპირი მიყიდვა.
თვითმფრინავმშენებლობის გარდა, საწარმო მრავალი სახეობის სახ. მოხმარების პროდუქციას უშვებდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა აგრეთვე მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში როგორც თბილისსა და მთელ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
საწარმოს ჰქონდა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო. 1944 წ. 16 დეკემბერს დაიწყო ქ-ნის მრავალტირაჟიანი გაზ. „სტალინელის“ გამოცემა. 1953–89 იგი იბეჭდებოდა სახელწოდებით „კომუნიზმისაკენ“, ხოლო 1989–94 – „მარჯნის“ სახელწოდებით. 1994-იდან „მარჯანთან“ ერთად დამატების სახით გამოდიოდა ყოველთვიური გაზ. „ავიაცია და კოსმონავტიკა“, 1999–2004 კი – ყოველთვიური სამეცნ.-ტექ. ჟურნ. „აღმოჩენა-Discovery“.
2013 თბილ. საავიაციო ქ-ნას მიენიჭა ა. ქართველიშვილის სახელი (იხ. ა. ქართველი), საწარმოში ამჟამად მიმდინარეობს მოიერიშე თვითმფრინავების სუ-25 წარმოება და მათი რემონტი. ქ-ნა დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით (1945).
ქ-ნის დირექტორები იყვნენ: ს. აგაჯანოვი (1941–42), ვ. სალაძე (1942–48), ი. ხვედელიანი (1948–78), ვ. თორდია (1978–91, 1998–2013 – გენ. დირექტორი), ა. ხოფერია (1991–98). 2013-იდან დირექტორია ნ. ბერიძე.
ვ. თოდრია