„თბილელექტროაპარატი“

„თბილელექტროაპარატი“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმო. შეიქმნა 1995 საწარმოო გაერთიანების „ელექტროაპარატის“ რესტრუქტურიზაციის შედეგად. ელექტროტექ. მრეწვ. პირველი საწარმო ქ-ნა „ელექტროგამშვები“ 1955 დაარსდა, 1974 კი ჩამოყალიბდა როგორც საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატი“, რ-ის შემადგენლობაში შევიდა: თბილ. ქარხნები „ელექტროგამშვები“ (სათავო საწარმო), „პლასტმასი“, „ელექტროავტომატი“, კასპის ქ-ნა „ელექტროაპარატი“ და რუსთავის „ელექტროსამაგრების“ ქ-ნა. გაერთიანება იყო საქართვ. მრეწველობის ერთ-ერთი უდიდესი და სტრატ. მნიშვნელობის საწარმო, რ-საც ეკისრებოდა ქვეყნის სამრეწვ. ობიექტებისა და მოსახლეობის უზრუნველყოფა დაბალი და მაღალი ძაბვის აპარატურით, ზოგიერთი ფართო მოხმარების საგნითა და პლასტიკური მასისაგან დამზადებული დეტალებით. პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა საზღვარგარეთის 60-ზე მეტ ქვეყანაში.

ეტაპობრივი პრივატიზაციის (1995–99) შედეგად გაერთანებაში შემავალი საწარმოები დამოუკიდებელ სააქციო საზოგადოებებად ჩამოყალიბდა. ამჟამად „თ.“ შედგება ორი ქარხნისაგან („ელექტროგამშვები“ და „პლასტმასი“), რ-ებიც აღჭურვილია შესაბამისი ტექ. და მრავალი სახის ავტომ. და ნახევრად ავტომ. მაღალეფექტური მოწყობილობებით.

XX ს. 90-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონ. და პოლიტ. პროცესებმა საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. „თ.“ ფლობს თითქმის ყველა ტექნოლოგიას სხვადასხვა სახეობის ნაწარმის დასამზადებლად.