„თბილისელი“, საქართველოს კულტურის ფონდთან არსებული საქველმოქმედო საზოგადოება. ჩამოყალიბდა 1989 წ. 14 ივლისს დამფუძნებელ ყრილობაზე. საზ-ბა დალოცა საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ – საზ-ბის საპატიო პრეზიდენტმა. შეიქმნა დ. ციციშვილის თაოსნობით, რ-იც 1996-მდე თავად იყო საზ-ბის პრეზიდენტი.
„თ-ის“ ინიციატივით კოჯრის მისადგომებთან აღიმართა 1921 წ. თებერვალში დაღუპულ სამშობლოს დამცველთა ხსოვნის მემორიალი; დაისტამბა წიგნები: „25 თებერვლის შემდეგ“ და „იუნკრები“; გარემონტდა თბილ. ა. წერეთლის სახ. ბ-კა; გასუფთავდა და მოწესრიგდა გერმ. ტყვეთა მიტოვებული სასაფლაო. დაწესდა დ. სარაჯიშვილის სახ. სტიპენდია და პრემია. საზ-ბის სტიპენდიანტები იყვნენ საერთაშ. კონკურსების მომავალი გამარჯვებულები: ე. ბოლქვაძე, ა. კორსანტია, თ. ომანიძე და სხვ. საქართვ. ხელოვნ. მუზეუმს საჩუქრად გადაეცა ლ. გუდიაშვილის ნახატი, საჯარო ბ-კას კი – შემოწირული, უნიკალური, რარიტეტული გამოცემები. საქართველოსათვის ყველაზე მძიმე დღეებში „თ-მა“ მოსახლეობის შემოწირულობებით დიდი შემწეობა აღმოუჩინა სოხუმში მებრძოლ ჯარისკაცებს და დაჭრილ მეომრებს. „თ-ის“ ქალთა საკრებულოს თაოსნობით შეიქმნა „ოქროს ფონდი“ (შემოწირული ოქროს ნივთები საქართვ. სახელმწ. მუზეუმშია დაცული). საზ-ბამ არაერთგზის გაუწია დახმარება ჯავახეთის ქართ. სკოლების ბავშვებს, გალის რ-ნიდან ლტოლვილებს.
1997 „თ-ის“ II ყრილობაზე საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წინადადებით საზ-ბის პრეზიდენტად აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქე, პოეტი ჯ. ჩარკვიანი. საზ-ბამ ამ სახით იარსება 2007-მდე.
2013 წ. 3 სექტემბერს საზ-ბა „თ.“ დაფუძნდა თავიდან ახ. წესდებით. საზ-ბის გამგეობის თავ-რეა ი. მეძმარიაშვილი. „თ-ის“ მიზანია ხელისუფლებას და მოსახლეობას შესთავაზოს არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის გზები, ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.