თბილისზე გამავალი სავაჭრო გზები

თბილისზე გამავალი სავაჭრო გზები, თბილისზე გადიოდა ის საგზაო მაგისტრალები, რ-ებიც, სტრაბონის ცნობით, ქართლის სამეფოს ძველ დედაქალაქს – მცხეთას – ალბანეთსა და სომხეთთან აკავშირებდა; ასევე აბრეშუმის დიდი გზის ერთი განშტოება, რ-ითაც ჩინური და შუააზიური აბრეშუმი შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში გაჰქონდათ. ეს გზები რომ თბილისზე გადიოდა, ამას მოწმობს აგრეთვე ახ. წ. IV ს-ში შედგენილ კასტორიუსის რუკაზე ახლანდ. თბილ. ადგილას სადგურ „ფილადოს„ (ტფილადო – ს. ერემიანი, ნ. ლომოური) აღნიშვნა. კასტორიუსის რუკაზე ახ. წ. I ს. მდგომარეობაა ასახული, ხოლო სტრაბონისა და ზოგიერთი სხვა ავტორის ცნობა ამ გზათა შესახებ ძვ. წ. IV–III სს. მიჯნაზე სამხრ. კასპიისპირეთის გამგებლის, სელევკე I-ის (ძვ. წ. 312–281/280) თანამედროვის – პატროკლეს ჩანაწერებიდან მომდინარეობს. სელევკე I-ს სურდა შავი და კასპიის ზღვები არხით დაეკავშირებინა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ამიერკავკ. ქვეყნებზე გამავალ დიდ სავაჭრო გზას ძვ. წ. III ს. დამდეგისათვის დიდი გამოყენება ჰქონდა და „ტფილადო“ – თბილისი ამ გზაზე მდებარე ერთ-ერთი სადგური იყო. მას შემდეგ, რაც თბილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქი გახდა, დასახელებულმა სავაჭრო გზებმა თბილისისათვის უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სავაჭრო ოპერაციებში თბილისელი მოქალაქეებიც რომ ინტენსიურად მონაწილეობდნენ, ამას მოწმობს 628 თურქთა დას. სახაკანოს ჯარების მიერ თბილისიდან აურაცხელი სიმდიდრის გატანა.

ლიტ.: გოილაძე ვ., აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997; ლომოური ნ., ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხისათვის, «ისტორიის  ინ-ტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1.  

ვ. გოილაძე