მეჩითოვი იური მიხეილის ძე (დ. 10. V. 1950, თბილისი), ფოტოხელოვანი, ჟურნალისტი, პედაგოგი. დაამთავრა სპი-ის სამთო ფაკ-ტი (1972). 1972-75 მუშაობდა საპროექტო ინ-ტში („საქგიპროშახტი“), 1975-80 – პროფკავშირთან არსებულ კინომოყვარულთა სტუდიაში მეთოდისტად, 1980-90 – ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში ფოტოგრაფად. 1986-იდან თანამშრომლობდა გაზ. „ქართულ ფილმთან“. 1992-96 იყო შოთა რუსთაველის სახ. თეატრის ფოტოგრაფი, 1996-2002 – „ფოტობანკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1982-2002 მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1985 თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ფოტოჯგუფი „თვალსაზრისი“, 1992 – საზ. ორგანიზაცია „საქართველოს ხალხის კონგრესი“, ხოლო 2011 – „მეჩითოვი-დეისაძის ფოტოსახელოსნო“. 1995-96 იყო „ღია საზოგადოება საქართველოს“ ბორდის წევრი, 2002-04 – „მთავარი გაზეთის“ ფოტორედაქტორი, 2008-10 – შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტის ასოც. პროფესორი.
მ. არის ორასამდე ჯგუფური და პერსონალური ფოტოგამოფენის მონაწილე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი ფოტოარქივი მოიცავს საქართვ. უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. არის არაერთი ფოტოგრაფიული პროექტის ავტორი, მ. შ. აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის დაკვეთით განხორციელებული პროექტები. ავტორია წიგნებისა: „სერგო ფარაჯანოვი – დიალოგების ქრონიკა“ (2009), „ქართული ფოტოგრაფია 1955-2012“ (2013), „სერგო ფარაჯანოვი იური მეჩითოვის ფოტოებში“ (2014), აგრეთვე ფოტოალბომებისა: „საქართველო ორ-ორ სურათად“ (2018), „თბილისი. მზერა ოთხმოციანებიდან“ (2021), „იური მეჩითოვის 101 პორტრეტი“ (2011). არის პირველი ქართ. ფოტოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორი (მ. დეისაძესთან ერთად; 2017).
მ. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში:„Imagine (BBC Arena/ORF, 2003, რეჟ. ფ. ბეიკერი), „მაიტა ნასოსი 2“ (2018, რეჟ. გ. კაჭარავა). ავტორია მხატვრული („9-იდან 6-მდე“, 1975) და დოკუმენტური („ვიცი ახლო არის ის წამი...“, 1975; „ნინა იოსების ასული“, 1977) ფილმებისა.
ქართ. ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს ა. როინაშვილის სახ. დიპლომი (2009).
თ. დოლიძე