მეცენატი, ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უანგაროდ უწევს მატერიალურ დახმარებას მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროებს. ტერმინი მომდინარეობს ჩვ. წ-მდე I ს. რომაელი სახელმწ. მოღვაწის, იმპ. ოქტავიანე ავგუსტუსის მრჩევლის, გაიუს ცილინიუს მეცენატის სახელიდან, რ-იც მფარველობდა იმ პერიოდის პოეტებს (მ. შ. ვირგილიუსსა და ჰორაციუსს), მხატვრებსა და შემოქმედებით ადამიანებს.
მსოფლიოში ცნობილია მრავალი მეცენატი: ჯ. პიბოდი (1795–1869), ამერ. კომერსანტი და ბანკირი, იმდროინდელი „ფილანტროპიის მამა“; ჯ. ტატა (1839-1904), ინდოეთის „ინდუსტრიალიზაციის მამად“ წოდებული, უდიდესი კონგლომერატული კომპანია „ტატა ჯგუფის“ დამფუძნებელი; ჯ. როკფელერი (1839–1937), ამერ. მრეწველი და ქველმოქმედი, კომპანია „Standard Oil Company“-ის დამაარსებელი; ე. კარნეგი (1835–1919), შოტლანდიური წარმომავლობის ამერ. მრეწველი და ქველმოქმედი, „ფოლადის მეფედ“ აღიარებული; ფ. ნაიტინგეილი (1820-1910), ინგლისელი საზ. მოღვაწე, ჯანდაცვის სფეროში ექთნის პროფესიის ფუძემდებელი; უ. უილბერფორსი (1759–1833), ბრიტანელი პოლიტიკოსი და ქველმოქმედი; კ. ბარტონი (1821-1912), ამერ. წითელი ჯვრის დამაარსებელი და სხვ.
ბოლო ათწლეულებში ცნობილი მ-ები არიან: უ. ბაფეტი (ინვესტორი, ბიზმესმენი; მიჩნეულია ამერ. ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედად), მ. ბლუმბერგი (ფინანს. სისტემების ანალიზის კომპანიის დამაარსებელი), ე. შმიდტი (ტექნოლ. კონგლომერაციების – Alphabet-ის და Google-ის აღმასრ. დირექტორი) და მისი მეუღლე ვენდი, ბ. გეიტსი (მაიკროსოფტის დამფუძნებელი), მ. ცუკერბერგი (სოც. მედიასერვის ფეისბუქის დამფუძნებელი) და მრავალი სხვ.
საქართველოში XIX-XX სს. ცნობილი ქართვ. მ-ები იყვნენ: ზუბალაშვილები, დ. სარაჯიშვილი, ა. ხოშტარია, ო. ზალდასტანიშვილი, ა. დადიანი, დ. (მიტო) მეტრეველი (1895-1970; ბიზნესმენი, ემიგრაციაში ცნობილი იყო როგორც მაიკლ მიტო), გ. სიდამონ-ერისთავი (1865-1953; იურისტი, პოლიტიკოსი, საზ. მოღვაწე), ბ. პატარკაციშვილი; ქალები: ე. წერეთელი (1857-1942), ქ. იაშვილი (1883-1980; კოსმეტოლოგი, მსოფლიო დონის ფერწერული შედევრების კოლექციონერი), ა. ჯაფარიძე (1855-1926) და სხვ. საქართველოში მ-ებს შორის განსაკუთრებული მასშტაბურობით გამორჩეულია ბ. ივანიშვილი.
ლიტ.: ბუხრაშვილი ვ., ქველმოქმედება საქართველოში XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში , თბ., 2017, სიორიძე ზ., ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება, თბ., 2011; ქარჩავა ლ., გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან, თბ., 2006; ჭიჭინაძე ზ., მრეწველობის წარმომდგენნი და ისტორია ზუბალაშვილების გვარისა, ტფ., 1906.
ლ. ქარჩავა