მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, მეცნიერების, ტექნიკის, საწარმოს ტექნოლოგიის საფუძვლიანი ტრანსფორმაცია, ორგანიზებული სამეცნ. და ტექნოლოგიური სინთეზი. აღნიშნული ხასიათდება მრავალმხრივობით, კერძოდ, იცვლება წარმოების მთელი პროცესი, შრომის ბუნება და პირობები, შრომის სოც. დანაწილება და სტრუქტურა, სოც. ცნობიერება, კულტურა, ოჯახური ურთიერთობები და, ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების წესი.
მ.-ტ. რ-ში დიდი როლი შეასრულა XIX-XX სს. მიჯნაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. მიღწევებმა. საკუთრივ მ.-ტ. რ. პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: XX ს. 50-70-იანი წლები, რ-ებიც ხასიათდებოდა წარმოების ავტომატიზაციაზე გადასვლით, და 70-იანი წლების შემდგომი პერიოდი, რ-ის უმთავრესი თავისებურება იყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა და დამუშავება.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაზრდილმა როლმა გამოიწვია სოც. სტრუქტურის ტრანსფორმაცია, სადაც საზ-ბის სტრატიფიკაციას განსაზღვრავს ცოდნის დონე და არა სხვა მანამდე სტრატეგიულად აღიარებული რესურსი. ინტელექტუალური ტექნოლოგიების ფართო გავრცელებამ გაზარდა თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო ინოვაციების წყარო გახდა ინტელექტუალური ინ-ტები – უნ-ტები და სამეცნ.-კვლ. ცენტრები. ამასთანავე ტექნოლ. სპეციალისტების ჯგუფი ძირითად პროფესიულ კლასად იქცა, ხოლო წარმატება ყველაზე მეტად თეორიული ცოდნის მიღწევებზე გახდა დამოკიდებული. ამ პროცესმა წარმოშვა ახალი გავლენიანი კლასი, რ-ის წარმომადგენლებიც ძალაუფლებრივ იერარქიაში გვევლინებიან როგორც კონსულტანტები, ექსპერტები ან ტექნოკრატები. ზემოაღნიშნული ცვლილებები ასევე იწვევს გამძაფრებულ კონკურენციას და უმუშევრობის ზრდას, რადგან შრომით ბაზარზე წარმატებულ პოზიციონირებას განაპირობებს კვალიფიკაცია და ინდივიდ. უნარები. ახალმა ცხოვრების წესმა განაპირობა კულტურის ახ. ტენდენციები, ტრანსფორმირდა ოჯახის, თავისუფალი დროის, დასვენების, გამოხატვის, მოხმარების სტანდარტები. ამ პროცესმა კი გამოიწვია პიროვნების ცნების ტრანსფორმაცია.
ქართულ ფილოსოფიაში მ.-ტ. რ-ის აქტუალურ პრობლემებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა პროცესს (უმეტესწილად მარქსისტული აზროვნების ჭრილში) იკვლევდნენ: გ. ბანძელაძე, ვ. გაგოიძე, ვ. გოგობერიშვილი, ვ. ერქომაიშვილი, ი. კალანდია, ბ. ლუტიძე, თ. ნანობაშვილი და სხვ.
ლიტ.: ბანძელაძე გ., მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ზნეობრივი პროგრესის პრობლემა, თბ., 1979; Bell D., The Coming of Post-Industrial Society. A Venture in Social Forcasting, New York, 1973; B a z i ć, J., M i n i ć V., The Global Affects of Scientific-Technological Revolution on the Social alternations, 2008.
ი. კახიძე