მეცხოველეობა

მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენება და მ-ის პროდუქტების წარმოება. მ. უზრუნველყოფს მოსახლეობას კვების პროდუქტებით (რძე, ხორცი, კვერცხი და სხვ.), მსუბუქ მრეწველობას – ნედლეულით (მატყლი, ტყავი, ჯაგარი, ბეწვეული და სხვ.), იძლევა გამწევ ძალას (ცხენი, ხარი, ვირი და სხვ.), ორგ. სასუქს (ნაკელი), გადამუშავების ნარჩენებიდან კი ამზადებენ სამკურნალო საშუალებებს (შრატებს, ჰორმონულ პრეპარატებს და სხვ.) და საკვებ დანამატებს (მოხდილი რძე, სისხლის, ძვლის, ძვალხორცისა და ხორცის ფქვილი). მ. განვითარებულია პლანეტის ყველა ბუნებრივ ეკონომიკურ ზონაში და ხასიათდება ცხოველთა განსხვავებული სახეობრივი შედგენილობით, მოვლა-შენახვა-კვების და სუქების წესებით, პროდუქტიულობით და სხვ. მ-ის ძირითადი დარგებია: მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეთხეობა, მეფრინველეობა, მეცხენეობა, მეკამეჩეობა, მებოცვრეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მეირმეობა და სხვ. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ბარისა და მთისწინა რეგიონებში წამყვანი ადგილი უკავია ინდუსტრიულ სარძეო მეძროხეობას, მეფრინველეობასა და მეღორეობას, რ-ებიც ეფუძნება ინტენს. საკვებწარმოებასა და საწარმოო პროცესების მექანიზაციის მაღალ დონეს. მთიან და მშრალ კლიმატურ ზონებში გვხვდება ექსტენსიური საძოვრული მ. ევროპის ქვეყნებში მიმართავენ მომთაბარეობის სხვადასხვა სისტემას ტრანსსასაზღვრო საძოვრების (ალპებში, საფრანგეთ-იტალიას და იტალია-შვეიცარიას, პირინეის ნ. კ-ზე კი საფრანგეთსა და იტალიას შორის) და ნახევრად ბუნებრივი სავარგულების (კარპატებში) გამოყენებით. განვითარებად ქვეყნებში პირუტყვს ინახავენ ექსტენსიურად, მომთაბარე, მოხეტიალე ან ნახევრად მოხეტიალე (ძირითადად სახორცე-სამატყლო) მეთოდით, სადაც დაბალპროდუქტიული სულადობის საკვებით უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა ბუნებრივი საძოვრები. დარგებს შორის წამყვანი ადგილი უკავია მსხვილფეხა მ-ს (მეძროხეობა, მეკამეჩეობა). 2022-თვის მსოფლიოში აღრიცხულია 1729,5 მლნ მსხვილფეხა პირუტყვი; ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ინდოეთი -304,1 მლნ. დარგის წილი ხორცისა და რძის საერთო წარმოებაში შეადგენს 21,4 და 96,1%-ს; ღორის სულადობის ნახევარზე მეტი მოდის აზიის კონტინენტზე (57,6%), ხოლო ინდუსტრიული ფერმები თავმოყრილია მჭიდროდ დასახლებული და სამრეწველო ცენტრების მიმდებარე რეგიონებში. ხორცის საერთო სტრუქტურაში მეღორეობაზე მოდის 32,8%. მეცხვარეობა განვითარებულია სტეპისა და ნახევრადუდაბნოს ზონებში, აგრეთვე მთაგორიანი რელიეფის ქვეყნებში. ამ სახეობის ცხოველთა სულადობით პირველ ადგილზეა ჩინეთი; ხორცის წარმოების სტრუქტურაში მეფრინველეობა პირველ ადგილზეა (39,5%). სხვადასხვა სახეობის ფრინველებიდან, რაოდენობით ყველაზე მეტია ქათამი (33,1 მლრდ. ანუ 95,4%). ფრინველეობის საერთო რაოდენობით პირველ ადგილზეა ჩინეთი; სექსპორტო პროდუქციის მოცულობით კი მოწინავე პოზიცია უკავიათ აშშ-სა და ევროგაერთიანების ქვეყნებს. ცხენი, ძირითადად, სპორტული შეჯიბრებებისა და ტურიზმის საშუალებად გადაიქცა. აქლემს აშენებენ აფრიკის ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ზონის ქვეყნებში. მეირმეობას მისდევენ კანადის, აშშ-ის, სკანდინავიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის ჩრდ. პოლარული წრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

საქართველოში მ-ის ისტორია ადამიანის მიერ გარეული ცხოველების შემოჩვევა-მოშინაურების პერიოდიდან იწყება. არქეოლ. გათხრების მასალები, ქართული მატერ.-კულტ. ძეგლები და წერილობითი წყაროები ადასტურებს უძველესი პერიოდიდან მეცხენეობის, მეცხვარეობის, მეძროხეობის და სხვ. განვითარების მაღალ დონეს, რაც, ასევე, აისახა ხალხ. სელექციით გამოყვანილ 20-ზე მეტ ჯიშში. ჩვენში ისტორიულად ჩამოყალიბდა განსხვავებულ ბუნებრივ საწარმოო პირობებს შეხამებული მ-ის სხვადასხვა დარგის გაძღოლის განსხვავებული სისტემები და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიები. პირველი ცნობები ცხოველთა სახეობრივ შედგენილობასა და რაოდენობაზე მოიპოვება XIX ს-იდან. 1865 თბილისისა და ქუთაისის გუბერნიაში ყავდათ 445,2 ათ. მსხვილფეხა პირუტყვი, 80,5 ათ. ღორი, 1474,1 ათ. ცხვარი და თხა. 1917 ჩატარებული აღწერით მათი რაოდენობა შესაბამისად იყო 981,1, 356,6 და 1576,2 ათ.; კარგად განვითარდა მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. საბჭ. ხელისუფლების კოლექტივიზაციის პერიოდში შეძლებულ მეცხოველეებს ჩამოართვეს პირუტყვი და გადასცეს კოლმეურნეობებსა და საბჭ. მეურნეობებს. ჩამოყალიბდა ციხისჯვრის, დმანისის, ძველი სენაკის, შირაქის, ელდარის და სხვ. მეურნეობები.,ადგილ. პირუტყვის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით 1934-იდან დაიწყეს ადგილ. ჯიშების შემოყვანილ ჯიშებთან შეჯვარება. 1927 შეიქმნა სამხრ. კავკასიაში პირველი ზოოტექ. საცდელი სადგ., რ-იც 1930 გადაკეთდა სამეც.-კვლ. ინ-ტად. იმავე წელს შეიქმნა კავკ. სამეც.-კვლ. ინ-ტი. 1907-იდან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა ამიერკავკ. სავეტერინარო ლაბორატორია, რ-იც 1941 გადაკეთდა რესპ. ლაბორატორიად, შემდეგ კი ვეტერინარიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტად. დარგის სპეცილისტებს ამზადებდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის კათედრა, 1932-იდან – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. 1959 დაარსდა მეფუტკრეობის საცდელი სადგური.

სასწ. და სამეცნ. მიმართულების ინ-ტების გაერთიანებით ჩამოყალიბდა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტი (1959), ასევე ზოოვეტერინაული ტექნიკუმები. ცხოველთა ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით რაიონებში წარმოიქმნა სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის სახელმწიფო სადგურები, ჯიშთსაშენები, 130-ზე მეტი სანაშენე მეურნეობა და ფერმა; აგრეთვე რაიონული ვეტ. ლაბორატორიები, პერიოდულად გამოდიოდა სანაშენე წიგნები და სხვ., დარგის საქმიანობაში ჩართული იყო 110 ათ-ზე მეტი ზოოტექნიკოსი და ვეტერინარი ექიმი; ადგილ. პირუტყვის შეჯვარებით მაღალ-პროდუქტიულ ჯიშებთან გამოყვანილია ძროხის („კავკასიური წაბლა“), ცხვრის („ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი“ და „ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი“), აგრეთვე ჩალისფერი ინდაურის („თიანეთური“) ჯიშები. 1970 მ-ის საზოგადოებრივ მეურნეობებში აშენდა მეძროხეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის საწარმოები (კომპლექსები), რ-თა დასაკომპლექტებლად შემოიყვანეს მაღალპროდუქტიული ჯიშიანი პირუტყვი; კერძო სექტორში ჰყავდათ მსხვილფეხა პირუტყვისა და ღორის სულადობის ნახევარზე მეტი, წვრილფეხა პირუტყვის 45%-მდე, რ-ებიც პროდუქტიულობით ორჯერ და მეტად ჩამოუვარდებოდნენ საზოგადოებრივ სექტორში არსებულს. დამოუკიდებლობის აღდგენამდე პერიოდში ქვეყანაში ცხოველთა სულადობა სტაბილურად იზრდებოდა; 1992 სამოქალაქო ომისა და საზოგადოებრივი ქონების პრივატიზაციის წლებში მ-მ დიდი ზარალი განიცადა: შემცირდა სულადობა, შეწყდა სანაშენე მუშაობა. XXI ს. დასაწყისში, მ-ის პროდუქტების წარმოებისა და საშუალო პროდუქტიულობის ზრდის ტემპი დაბალია, რაც გაპირობებულია მცირემიწიანობითა და წვრილი ფერმების სიმრავლით: 2014 აღწერით, საშუალოდ 1 მეურნეობაში ჰყავდათ 3,7 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 2,3 ღორი, 40,6 სული ცხვარი და თხა. სწრაფად ვითარდება ინდუსტრიული სარძეო მეძროხეობა, აგრეთვე მეკვერცხული და მეხორცული მეფრინველეობა, რაც აისახა კვერცხისა და ფრინველის ხორცის წარმოების, შესაბამისად, 51,7%-ით და 2,02-ჯერ ზრდაში. 2020 ქვეყანაში აღრიცხულია 886,9 ათასი მსხვილფეხა პირუტყვი (მ.შ. 450,8 ათ. ფური და ფურკამეჩი), 165,7 ათ. სული ღორი, 946,5 ათ. სული ცხვარი და თხა, 10146,5 ათ. ფრთა ფრინველი, ფუტკრის 228,5 ათ. ოჯახი. მ-ის მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის სახელმწიფოს მხარდაჭერილი სსიპ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნ.-კვლ. ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები.

 

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების რაოდენობა საქართველოში (ათასი)

 

 

წლები

 

მსხვილფეხა პირუტყვი

მ.შ. ფური და ფურ-კა

მეჩი

 

ღორი

 

ცხვარი და თხა

 

ფრინველი

 

ფუტკრის ოჯახი

1940

1612,3

562,2

604,0

1979,0

*

*

1960

1486,6

584,8

584,9

2084,2

7471,0

211.1

1980

1564,0

621,3

943,1

2043,8

18594,0

153,5

1990

1298,3

551,7

880,2

1618,1

21759,7

95,8

2000

1177,4

646,3

443,4

627,6

7825,5

97,6

2010

1049,4

561,7

110,1

653,9

6521,5

311,5

2020

925,8

450,8

165,7

946,5

10146,5

228,5

 

 

მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება საქართველოში

 

წლები

ხორცი (ნაკლავის მასა) ათ. ტ

 რძე

ათ. ტ

კვერცხი

მლნ ცალი

მატყლი

ათ. ტ

თაფლი

ათ. ტ

1940

75,0

357,8

251,1

3,5

 *

1960

90,4

487,3

221,3

4,1

2,6

1980

143,1

642,2

654,9

6,3

1,9

1990

170,3

659,4

769,2

6,2

2,8

2000

107,9

618,9

361,4

2,8

1,4

2010

56,4

587,7

444,5

1,7

4,2

2020

69,4

569,0

674,5

1,9

2,4

 

ლიტ.: გუგუშვილი პ., საქართველოს და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, თბ., 1956; გოგოლი გ., ბარკალაია რ., მსოფლიო და საქართველო, მეცხოვეეობის თანამედროვე მდგომარეობა და ტენდენციები, თბ., 2019; ურდულაშვილი ა., საქართველოს მეცხოველეობა (XIX-XX საუკუნეები), თბ., 2004.

. გოგოლი