მეძმარიაშვილი ზურაბ (ილამაზ) ალექსანდრეს ძე

მეძმარიაშვილი ზურაბ (ილამაზ) ალექსანდრეს ძე (28. XII. 1924, სოფ. ბაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 2. IV. 2012, თბილისი), მხატვარი. საქართვ. სახალხო მხატვარი (1985). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტი (1951). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1969-იდან. 1953-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციურ საამქროში დამდგმელ მხატვრად; 1954-იდან – მხატვრული ფილმების მხატვრად; 1959-იდან – დამდგმელ მხატვრად; 1981-იდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთ. მხატვრად. გაფორმებული აქვს მულტიპლიკაციური („ყურშა“, 1954) და მხატვრული ფილმები: „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „კარდაკარ“ (1960), „ჯარისკაცის მამა“ (1964), „ნერგები“ (1972), „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (1980), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989), „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ (2008) და სხვ. მონაწილეობდა გამოფენაში: „საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვრები“ (1978, თბილისი). მისი ნამუშევრები დაცულია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ფონდებში, კერძო კოლექციებში. მუშაობდა გრაფიკის დარგშიც. შესრულებული აქვს ილუსტრაციები საბავშვო წიგნებისათვის, ჟურნალებისათვის („დილა“, „პიონერი“). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.