ევროპული წაულა

ევროპული წაულა

ევროპული წაულა (Mustela lutreola), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, დას. კავკასიაში, ურალის ქედის აღმ. კალთებზე, აღწევს მდ. ირტიშამდე. საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება აფხაზეთში – ბზიფის ხეობაში, სოფ. ფსხუსთან. ბინადრობს ტყით, ბუჩქნარით ან მაღალი ბალახით დაფარული მდინარეებისა და დიდი გამდინარე წყალსატევების სანაპიროებზე. ბუნაგს იკეთებს სოროში, რ-ის ერთი გასასვლელი დაკავშირებულია წყალთან, მეორე – მიწის ზედაპირთან. სხეული ვიწროა, წაგრძელებული და მოქნილი, სიგრძე 28–43 სმ -მდეა, კუდი – 12– 19 სმ, მასა – 660–900 . ყურები მცირე ზომისაა, ფეხები – მოკლე, თითებს შორის გაჭიმულია საცურაო აპკი. ნახევრად წყლის ცხოველია, კარგად ცურავს და ყვინთავს. აქტიურია ღამით და შებინდებისას. სქესობრივად მწიფდება 1 წლის ასაკში, მძუნაობს აპრ.-მაისში, მაკეობს 45 დღ-ღ , შობს 2–7 უსუსურ ნაშიერს. იკვებება თევზით, თაგვისებრი მღრღნელებით, პატარა ზომის ფრინველებით, ამფიბიებით, მწერებით, მცენარეთა ნაყოფით. აქვს მაღალი, უხეში, თხელი ბეწვი, თივთიკი რბილია, ფაფუკი, ღია წაბლისფერი, მოწითალო ელფერის. ბეწვი ძვირფასი ხარისხისაა. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". ქვესახეობებიდან საქართველოში ბინადრობს მხოლოდ კავკასიური წაულა.

გ. ენუქიძე