მეძმარიაშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე (13. I. 1907, ქუთაისი, – 26.V.1989, თბილისი), თეატრის მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1954). 1929 დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია, ხოლო 1952 – მოსკოვის რეჟისორთა დახელოვნების კურსები. მ-ის დებიუტი ქუთაისის სცენაზე შედგა. შეასრულა ეპიზოდური როლი (მედუქნის ბიჭი) ი. გედევანიშვილის პიესაში „მსხვერპლი“. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქუთაისის (1924-25, 1926-27), ფოთის (1925-26), ბორჯომის რეჟისორი და მსახიობი (1927-28) ბათუმის (მსახიობი; 1929-31), სანკულტურის (რეჟისორი და მსახიობი, 1936-45), ახალციხის (დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვ; 1945-50, 1966-76), თელავის, ფოთის (1950-55, 1955-56), ცხინვალის (მთ. რეჟისორი; 1956-57) თეატრებში. 1958-66, 1977-85 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში. სხვადასხვა დროს შესრულებული როლებია: როზენკრანცი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), არისტო (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), პერესტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), გოჩა (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), აბდულშაჰილი (ა. წერეთლის „ბაში- აჩუკი“), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“) და სხვ. დადგმული სპექტაკლები: გ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“, ა. ცაგარლის „ხანუმა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, ტ. რამიშვილის „სტუმარმასპინძლობა“, ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, „ყაჩაღები“, მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და სხვ.