მეძმარიაშვილი ჟანგო (ჟანი) კონსტანტინეს ძე

მეძმარიაშვილი ჟანგო (ჟანი) კონსტანტინეს ძე (22. I. 1925, ქუთაისი, – 1. V. 1989, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში (1941-44). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1952). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1953-იდან. 1962-72 იყო საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის თავ-რის მოადგილე, 1973-85 – ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი. მ-ის შემოქმედება მოიცავს რამდენიმე ჟანრს (პორტრეტები, ყოფითი ხასიათის სურათები, პეიზაჟები და ნატურმორტები). ნამუშევრები: „მეეზოვე ქალი“ (1958), „უკანასკნელი სართული“ (1959), „კოჯრის ქალები“ (1963), „აფიშის გამკვრელი“ (1962), „ფიქრები“ (1971), „გოგონას პორტრეტი“ (1973). „სამნი ძმანი გურულები“ (1988), გრაფ. ციკლი „სამუშაოდან დაბრუნება“ (1961) და სხვ. 1959 მისმა ნამუშევარმა „ხევსური გოგონა“ (1957) ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშ. ფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა. მ-ის ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში, აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში (მოსკოვი), დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეასა და კერძო კოლექციებში.