მეძროხეობა, მეცხოველეობის დარგი, რომლის ამოცანაა მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება და გამოყენება რძის, ხორცისა და ტყავ-ნედლეულის მისაღებად. გარეული წინაპრის, ტურის (Bos primigenius) მოშინაურებით ჩამოყალიბდა ორი ნაირსახეობა: ევროპული ძროხა (Bos taurus), და ინდური ძროხა (Bos indicus), ანუ ზებუ (იგივე კუზიანი ძროხა). დედამიწის მოსახლეობის მიერ მოხმარებული რძის პროდუქტების საერთო რაოდენობის დაახლ. 90% ძროხის რძის ნაწარმია. განასხვავებენ მ-ის შემდეგ მიმართულებებს: სარძეო, კომბინირებული და სახორცე. სპეციალიზებული სარძეო მ. განვითარებულია ზომიერი და გრილი კლიმატის ქვეყნებში, ასევე მსხვილი ქალაქებისა და ინდუსტრიული ცენტრების მიმდებარე რეგიონებში. სახორცე მ-ს მისდევენ ნაკლებად დასახლებულ, ზომიერი კლიმატისა და ბუნებრივი საკვები სავარგულებით მდიდარ. რეგიონებში. სახორცე მ-ს მისდევენ აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში მოვლა-შენახვისა და კვების პირობებიდან გამომდინარე განასხვავებენ სტაციონარულ, ნახევრად სტაციონარულ, მომთაბარე და მოხეტიალე მ-ს. სტაციონარულის ნაირსახეობაა მსხვილი სასაქონლო მ. მსოფლიოში აღრიცხულია 1036 ჯიშის ძროხა. ევრ. ქვეყნებში ძროხის ხორცს უმთავრესად იღებენ მერძეული და კომბინირებული ჯიშებისაგან.
საქართველოში მ. სათავეს იღებს ნეოლითის ხანიდან. ისტორიულად, ჩვენში ჩამოყალიბდა დარგის გაძღოლის 2 სისტემა: ბაგურ-საძოვრული და მომთაბარე, რ-იც ემყარებოდა ადგილობრივი ჯიშების მოშენებას. 1950-იდან სსრკ-სა და საქართველოში წარმოების ინტენსიფიკაციისა და კონცენტრაციის გზით მ-მ აღმავლობა განიცადა. სამეცნ.-კვლ. მუშაობა ტარდებოდა საქართვ. მეცნ. აკად. მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების ბიოლ. საფუძვლების ლაბორატორიაში, ზოოვეტ. ტექნიკუმებში, ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტში და სხვ. მ-ის საკითხებს აშუქებდა ჟურნ. „საქართველოს სოფლის მეურნეობა“ (1921-იდან). გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ამოქმედდა 30-მდე რძისა და ძროხის ხორცის მწარმოებელი სახელმწიფო, სამეურნეობათაშორისო და საკოლმეურნეო მეურნეობა-კომპლექსები, რ-ებიც დაკომპლექტდა შემოყვანილი მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვით. ცხოველთა ჯიშობრივ გაუმჯობესებას ემსახურებოდა სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის ქსელი, აგრეთვე სამომშენებლოები, სანაშენე მეურნეობები და ფერმები.
XX ს. 90-იან წლებში მიმდინარე მოვლენების გამო დარგმა ზარალი განიცადა; მ-ის აღორძინება შეინიშნება XXI ს. II ათწლეულიდან. სარძეო მ-ის ინტენსიფიკაცია დაიწყო სახელმწ. პროგრამით. შემოიყვანეს მაღალპროდუქტიული მერძეული ჯიშები და დაიწყეს თანამედროვე ტექნოლოგიებით რძის წარმოება. მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა და მათი პროდუქტების წარმოება საქართველოში წლების განმავლობაში ცვლილებას განიცდიდა.
მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა და მათი პროდუქტის წარმოება საქართველოში
წელი |
რაოდენობა, ათ. სული |
რძის წარმოება |
ხორცის წარმოება |
|||
სულ |
მ.შ.ფური და ფურკამეჩი |
სულ, ათ. ტ. |
საშუალო მონაწველი, კგ |
სულ, ათ.ტ |
საშუალოდ 1 სულიდან, კგ |
|
1940 |
1607,0 |
575,0 |
357,8 |
622 |
23,0 |
14,3 |
1960 |
1486,6 |
584,8 |
487,1 |
833 |
35,3 |
23,7 |
1980 |
1564,0 |
621,3 |
642,2 |
1037 |
45,4 |
29,2 |
1990 |
1298,3 |
551,7 |
649,5 |
1177 |
57,3 |
44,1 |
2000 |
1177,4 |
646,3 |
604,5 |
935 |
48,3 |
41,0 |
2010 |
1049,4 |
561,7 |
581,0 |
1270 |
26,7 |
25,4 |
2020 |
925,8 |
450,8 |
558,7 |
1574 |
20,1 |
21,7 |
მ. დიდ გავლენას ახდენს გლობალური დათბობის პროცესზე. ძროხის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გარემოში გამოყოფილი CO2-ის, CH4-ისა და N2O-ს წილი შეადგენს სასათბურე აირების საერთო რაოდენობის 10%-მდე.
ნ. გოცირიძე
გ. გოგოლი