მეწარმე, სამოქალაქო ბრუნვის ქმედუნარიანი და უფლებაუნარიანი მონაწილე, რომელიც განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართვ. კანონის (2021) მე-2 თავის I მუხლის მიხედვით, მეწარმე ფიზიკური ან იურიდ. პირია, რ-საც აქვს საწარმო.
სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს როგორც ფიზიკურმა პირმა (ინდივიდ. მ.), ისე სამეწარმეო იურიდ. პირმა. სამეწარმეო იურიდ. პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და დაფუძნდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზ-ბის (სპს), კომანდიტური საზ-ბის (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზ-ბის (შპს), სააქციო საზ-ბის (სს) და კოოპერატივის (კოოპ.) ფორმით.
მ-ის რეგისტრაცია სავალდებულოა. ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა ინდივიდუალურ მ-დ (ინდმეწარმე) რეგისტრაციის შედეგად. მ-დ რეგისტრაციამდე თავისი სახელით ნაკისრი ვალდებულებებისთვის პირები პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად. რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სამეწარმეო იურიდ. პირი ფუძნდება და საქმიანობს საფირმო სახელწოდებით.
ინდივიდ. მ. სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
სპს-ის პარტნიორები ერთობლივად ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზ-ბის ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები.
კს-ის პარტნიორები ერთობლივად ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, მათგან სულ მცირე 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები (კომპლემენტარი).
შპს-ის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო სს-ისა – აქციებად. ამ საზ-ბების ვალდებულებებისათვის პარტნიორები პასუხს არ აგებენ. როგორც შპს, ისე სს კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
შპს და სს შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც (ერთი პირის სამეწარმეო საზ-ბა).
კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა ეკონომიკური თუ სოციალური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამეწარმეო საზ-ბა, რ-ის ამოცანაა მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მისი უპირატესი მიზანი არ არის მოგების მიღება.
კოოპერატივი საკუთარი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.
დასაშვებია სამეწარმეო საზ-ბის რეორგანიზაცია, დაშლა და ლიკვიდაცია.
მ-ს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რ-იც არ არის იურიდ. პირი.