მეხრმლე (მეხმლე), გვიანფეოდალურ საქართველოში განაჩენის აღმასრულებელი, რომელსაც სხეულის ნაწილის, ასევე თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯის სისრულეში მოყვანა ევალებოდა. ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანი ერეკლე II-ის (1720-98) ქალიშვილის, თეკლეს (1776-1846) ნაამბობის მიხედვით გადმოსცემს ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულთა დასჯის ამბავს. იგი აღნიშნავს, რომ შეთქმულთა საქმის გამრჩევ სასამართლოს განაჩენში ჩაუწერია: „პაატა ბატონიშვილს მეხ(რ)მლემ თავი გააგდებინოს“.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ა მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1, თბ., 1970.