მეჯვრისხევი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – დიდი მეჯვრისხევისა და პატარა მეჯვრისხევის გავრცელებული სახელწოდება.
სოფლის ძველი სახელი ყოფილა მეჯვდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, დაბა მეჯვდისგან წარმომდგარა მდინარის სახელი მეჯვდა, ანუ მეჯუდა. თავის მხრივ სახელწოდება „მეჯვრისხევი“ ფონეტიკური სახეცვლილების შედეგად მიღებულია მეჯვდისხევისგან. სოფ. მ-ის იმ ნაწილს, რ-იც მდებარეობს მდ. მეჯუდის მარცხ. მხარეს, ჰქვია დიდი მ., ხოლო მარჯვ. მხარეს მდებარეს – პატარა მ.
მ-ის ტერიტ-ზე ადამიანი ადრებრინჯაოს ხანიდან უწყვეტად სახლობს. მ. მდებარეობს მნიშვნელოვანი ეკონ. რ-ნის ცენტრში. მის სიახლოვეს სათავეს იღებდა არხები, რ-ებითაც ირწყვებოდა ტირიფონის ნაყოფიერი ველი. იქ იკვეთებოდა ქვეყნის მნიშვნელოვანი მაგისტრალები. მ. ახალგორთან ერთად იყო ქსნის საერისთავოს სავაჭრო ცენტრი. აქ არსებული ორ სამღებროდან ერთი მ-ში ფუნქციონირებდა.
ადრეფეოდ. ხანაში მ. ადმინისტრაციულად ქსნისხევში შედიოდა, ხოლო განვით. ფეოდ. ხანასა და გვიან შუასაუკუნეებში – ქსნის საერისთავოში. მ. იყო საზღვარი ქსნის საერისთავოსა და საამილახვროს შორის, ამიტომ მ-ში ერისთავების გარდა ყმები ეკუთვნოდათ ამილახვრებსაც. ქსნის ერისთავისშვილთა ერთ-ერთი რეზიდენცია მდებარეობდა მ-ში. 1578 ქართლის მეფე სიმონმა ჩადენილი დანაშაულისათვის ქსნის ერისთავს წართვა მ., რ-იც მათ კვლავ დაიბრუნეს. ერეკლე II-ის ბრძანებით მ. საპატიო ადგილს იკავებს შიდა ქართლში ლეკთა თარეშის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებში. 1777 ქსნის საერისთავოს ლიკვიდაციის შემდეგ ერეკლე II-მ ერისთავებს ზოგ სხვა სოფელთან ერთად მ-ც დაუტოვა. 1790 მ. ბაგრატ ბატონიშვილის ხელში გადავიდა. თუმცა 1801 კვლავ დაუბრუნეს ერისთავებს. მეჯუდისა და მ-ის მოურავები იყვნენ ბეგიაშვილები.
მ-ში შემორჩენილია ქსნის ერისთავთა ციხე-გალავანი, ნათლისმცემლის, კვირაცხოვლის, წმ. გიორგის, ღვთისმშობლის, ლომისის ეკლესიები, აგრეთვე ფუნქციონირებს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი.
სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევები, თბ., 1983; გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.
ჯ. გვასალია