მეჰმედ ბენ მეჰმედი

მეჰმედ ბენ მეჰმედი (გ. 1640), ოსმალო ისტორიკოსი. იგი წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, მსახურობდა დივანის ქათიბად, სტამბოლში ემირ ულ-უმერას მედრესეში მუდერისის თანამდებობაც ეჭირა. მას ეკუთვნის თხზულება, „რჩეული ისტორიები და ამბები“ („ნუხბეთ ალ-თავარიხ ვე ალ-ახბარ“), რ-იც ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი 1620 სულთან ოსმან III-ს მიუძღვნა. იგი იყოფა ორ ქვეთავად. I-ში გადმოცემულია 87 დინასტიის ქრონოლოგიური ნუსხები, II-ში კი თხრობა იწყება ოსმ. დინასტიის დამკვიდრებით და თავდება აჰმედ I-ის გარდაცვალებით (1617), აქვე მოთხრობილია ოსმალეთის ისტორია სულთან მურად IV-ის ზეობის (1623-40) დასასრულამდე; I ნაწილის II ქვეთავი საყურადღებო ცნობებს შეიცავს საქართვ. და კავკასიის ისტორიისათვის. ავტორი ლაზეთის ვილაიეთის ამბებს აღწერს, კერძოდ ოსმალთა მიერ თორთუმის ციხის აღებას, ნახჭევანისკენ გალაშქრებას, დიდ ვეზირ აჰმედ ფაშას საქართველოში ლაშქრობას და სხვ. იგი ვრცლად მოგვითხრობს ლალა მუსტაფა ფაშას სამხრ. კავკასიის ქვეყნებში ლაშქრობის ამბავს, აღწერს ჩილდირის ბრძოლის ეპიზოდს, მანუჩარისა და ყვარყვარეს მორჩილებას, თბილისის ციხის აღებას, შემდეგ ოსმალთა ლაშქრის გამგზავრებას მდ. იორისა და ალაზნისკენ, ალექსანდრე კახთა მეფის დამორჩილებას, მდ. კანიკზე ყიზილბაშთა ლაშქართან ოსმალების შეტაკებას, შირვანზე ლაშქრობას და სხვ. ასევე ვრცლად აქვს აღწერილი ოსმალთა ლაშქრობა თბილისში დმანისსა და ახლომახლო მდებარე ტერიტ-ებზე, სინან ფაშას თბილისში, შემოსვლა. საგანგებოდაა აღწერილი სარდალ ფერჰად ფაშას საქართველოსაკენ გამომგზავრება, აგრეთვე ლორესა და დმანისის აღდგენა და სხვ.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1979; შენგელია ნ., XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

. შენგელია