მეჰმედ ფაშა

მეჰმედ ფაშა (1795, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 1865, დაკრძალულია სტამბოლში, ჰუდაი-ეფენდის სავანეში), გვარად – გუჯაბიძე გენერალ-ლეიტენანტი (1836), მუშირი (მარშალი, 1839). 1819-20 ანტირუსული აჯანყების დროს თავადმა დ. მაჭუტაძემ მ. ფ. ოსმალებს მიჰყიდა. იგი შეიძინა წარმომავლობით ქართველმა დიდვეზირმა ხოსრო მეჰმედ ფაშამ (ერისთავი – ჩხეიძე), რ-საც დიდი წვლილი მიუძღვის მის წარმატებაში. მ. ფ-მ სამხ. სასწავლებელი დაამთავრა და მოქმედ არმიაში დაიწყო სამსახური. თავდაპირველად გახდა მაიორი, შემდეგ კი – პოლკოვნიკი. 1836 ბოსფორის ციხისთავად დანიშნეს, 1839 – კი ვეზირის წოდება მიიღო და ქ. ნიშის გამგებელი (ვალი) გახდა. შემდეგ ეკავა სილისტრის (1840), ქოსთენდილის (1842), სალონიკის (1844), ვადინასა და ტრაპიზონის (1850) ვალის თანამდებობები. 1853 დაინიშნა არაბეთის ჯარების, 1854 ნოემბერში კი – ანატოლიის ჯარების სარდლად. 1855 ყარსის ბრძოლაში მონაწილეობის დროს რუსებმა დაა- ტყვევეს. სამშვიდობო კონვენციის დადების შემდეგ კი – გაათავისუფლეს. 1856 სულთან აბდ ალ მაჯიდ I-ის (1839-76) გვარდიის, ხოლო 1857 არსენალის უფროსი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში კვლავ დააბრუნეს გვარდიის უფროსის თანამდებობაზე. 1860 ისევ არაბეთის ჯარების სარდალი გახდა, მოგვიანებით კი თანხმობის სამხ. საბჭოში შეიყვანეს.

დაჯილდოებულია „ოსმანიეს“ და „მეჯიდიეს“ უმაღლესი ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

. გოგიტიძე