მზეყვავილა (Helianthemum), მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახები, უფრო ხშირად ბუჩქბალახებია. საქართველოში ამ გვარის 7 სახეობა იზრდება. მათგან ერთი სახეობა (H. georgicum) საქართვ. ენდემია (გვხვდება მხოლოდ ქართლსა და მესხეთში). დანარჩენი 6 ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სამხრ. ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მ. იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, აგრეთვე ბუჩქნარებს შორის მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე. დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეებია. დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.