მზეჭაბუკი, ჯაყელი

მზეჭაბუკი, ჯაყელი (1447-53 შორის, – 1515), სამცხის ათაბაგი 1500-15, ყვარყვარე II ის ძე. გაათაბაგდა თავისი ძმის, ქაიხოსრო II ის შემდეგ. წყაროების მოწმობით, თავდაპირველად ქართლის მეფესა და მ-ს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა პოლიტიკურად ძლიერი სამცხისათვის, რ-მაც ამ პერიოდში ოსმალებთან ზავის შედეგად ჭანეთისა და აჭარის შემოერთებაც შეძლო, მნიშვნელოვანი კვლავ ეკლესიური დამოუკიდებლობა, შესაბამისად კი აწყურის ეპისკოპოსის ამაღლება გახდა. ამისათვის მ-მა სამცხეში საკალმასოდ ჩამოსული ანტიოქიის პატრიარქი დოროთეოსი გამოიყენა. მ-ის მმართველობის დროს მისივე შეკვეთით შეიქმნა დოკუმენტი „წიგნი ანტიოქიის პატრიარქის დოროთეოსისა მაწყვერელისათვის კურთხევის უფლების მინიჭების შესახებ“, ხოლო ბერძნულ ენაზე შექმნილი წიგნი „კონსტანტინოპოლში ღვთის უწმინდესი დიდი ეკლესიის დიდი რიტორის – მანუელის გარდამოცემა აწყურში მყოფი ჩვენი ყოვლადწმიდა დედოფლის, ღვთისმშობლისა და მარადქალწული მარიამის სათაყვანებელი ხატისა და მის მიერ სხვადასხვა დროს ქმნილ სასწაულთა შესახებ“ სრულად ეხმიანება მ-ის პოლიტიკის იმდროინდელ ტენდენციას. წყაროში მ. მოხსენიებულია როგორც სამეფოს მემკვიდრე (ქაიხოსროს შემდეგ) და თვითმპყრობელი. შექებულია მისი სულიერი და ფიზიკური თვისებები, სიქველე როგორც უცხოელებისა და ღარიბების მიმართ, ისე შეწირულობები ეკლესია-მონასტრებისადმი. მ-მ იცოდა საღმრთო წერილი, აგრეთვე არაბული, სპარსული და თათრული ენები.

1515 მ. ბერად შედგა იაკობის სახელით. სამცხემ ეკლესიური დამოუკიდებელობა როგორც ჩანს 1518-მდე შეინარჩუნა, თუმცა ათაბაგთა ბრძოლას ეკლესიური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად შედეგი არ მოჰყოლია.

წყარო: ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, წგ. ქართლის ცხოვრება, ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტი, პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებელი ქრ. შარაშიძისა, თბ., 1961; შარაშიძე ქ., საქართველოს ისტორიის მასალები XV-XVIII სს. „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“. 1954, ნაკვ. 30.

ლიტ.: ზალდასტანიშვილი მ., „მანუილის მოთხრობა აწყურის ხატის შესახებ“ (დათარიღებისა და ავტორობის საკითხისათვის), „არტანუჯი“, 1996, #5; მისივე, კიდევ ერთხელ ათაბაგთა განკერძოების შესახებ, მაცნე, ისტ. არქეოლ; ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 2012, #2; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1982, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3); Бартикиян Р. М., Приписываемый Мануилу, великому ритору Константинопольской патриархии (первая половина XVI века) панегирик государям Самцхе-Саатабаго Кваркваре II, Каихосрою и Мзечабуку, "თსუ შრომები", 1987, ტ. 266.

. ზალდასტანიშვილი