მზეჭაბუკის ციხე, მ ზ ე ჭ ა ბ უ კ ა თ ა ბ ა გ ი ს ც ი ხ ე-დ ა რ ბ ა ზ ი, არქიტექტურული კომპლექსი, მდებარეობს ერზერუმის ვილაიეთში (თურქეთი), მდ. ბარდუსის პირას, შემაღლებულ ტერასაზე. 1907 ე. თაყაიშვილს იგი მოუნახულებია კოლა-ოლთისსა და ჩანგლში არქეოლ. ექსპედიციის დროს. 1938 პარიზში მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოცემულია ციხე-დარბაზისა და ეკლესიის ნანგრევების ხუროთმოძღვრული დახასიათება და ეკლესიის წარწერის ანალიზი. ამჟამად კომპლექსიდან შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, მ. შ. ყველაზე დიდი შესაძლებელია, ფეოდალის სასახლე იყო. ტერასაზე ასევე დგას მოყვითალო ქვის კარგად ნათალი კვადრებით ნაგები დარბაზული ეკლესია. შესასვლელი მას სამხრ-იდან აქვს. აღმ-ით საკურთხეველსა და დას. კედელში თითო სარკმელია. შესასვლელ კარს საგანგებოდ მორთული პორტალი ამშვენებს. ვარაუდობენ, რომ ეკლესია მოხატული იყო. სამხრ-ის ფასადზე მოთავსებულია საკმაოდ ვრცელი ხუცური წარწერა. ე. თაყაიშვილის მოსაზრებით, ეს წარწერა ყვარყვარე I-ის ვაჟის – მზეჭაბუკის მოსახსენებელი იყო, რ-იც 1500-15 მართავდა სამცხე- საათაბაგოს.
ლიტ.: გივიაშვილი ი., ბარდუსის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობის წინასწარი მიმოხილვა, კრ.: სამეცნიერო პარადიგმები, თბ., 2009; გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004.