მზითევი, ქონება, რომელსაც ოჯახი ქალს გათხოვებისას ატანდა ქმრის ოჯახში (ჩვეულება მომდინარეობს მონოგამიური ქორწინებიდან). მ-ის რაოდენობა და შემადგენლობა დამოკიდებული იყო ქალის ოჯახის სოც.-ეკონ. მდგომარეობაზე, მემკვიდრეობის წესზე. ოჯახი რაც უფრო შეძლებულად ცხოვრობდა და მაღალ სოც. ფენას განეკუთვნებოდა, ქალის მ-ც უფრო მრავალფეროვანი და მდიდრული იყო. ფეოდ. საქართველოში მ-ის რაოდენობა აღირიცხებოდა წერილობით საბუთში – მ-ის წიგნში, რ-საც ქორწილში დამსწრეებს ამისთვის საგანგებოდ შერჩეული მამაკაცი ხმამაღლა უკითხავდა. შემორჩენილია უმთავრესად გვიანდ. ფეოდ. ხანის მდიდარი ქალების მ-ის წიგნები, რ-შიც მოხსენიებულია: „საყდრის იარაღი“ (ხატი, ჯვარი), სას. და საერო წიგნები, „სამკაულნი და საუნჯენი“, „საპირფარეშო იარაღი“, „აბანოს იარაღი“, ტანსაცმელი, ლოგინი, „სუფრის იარაღი“, „საფარეშოს იარაღი“, „სამზარეულოს იარაღი“, „სახაბაზოს იარაღი“ და ა. შ. ზოგჯერ მ-ში ფულსაც ატანდნენ, ხოლო დიდგვაროვანთა ასულებს ამალასაც აყოლებდნენ (გამზრდელს, პირისფარეშს, მერიქიფეს, მოლარეს, მედროშეს, მხლებელ-მოახლეს). ვისაც მ-ად სხვა ქონებასთან ერთად მამულსაც ატანდნენ, ის მზითვიან-მამულიანად მიიჩნეოდა, ვისაც მამული არ ჰქონდა, მაგრამ სხვა სახის ქონებას მრავლად მოიტანდა, მას მზითვიანი ერქვა, ხოლო ვისაც მხოლოდ ლოგინი და სხვა უმნიშვნელო ქონება გააჩნდა, უმზითვოდ იწოდებოდა.
მ-ის მომზადების წყარო ქალის საოჯახო ქონება იყო. თუ ოჯახს არ შეეძლო მოძრავი ქონებით ან ფულით ქალის გამზითვება, მაშინ უძრავ ქონებას ატანდა, რ-საც „დედული“ ეწოდებოდა, თუ ქალი ობოლი იყო, მ-ის თავმოყრა ბიძის ვალდებულება იყო, ხშირად სოფელიც ეხმარებოდა. ქართ. სამართლებრივი ნორმებით მ. ქალის საკუთრება იყო და მისი ხელყოფის უფლება არავის ჰქონდა. მ-ის წიგნი იურიდ. საბუთად ითვლებოდა. ქალის გამზითვებას საქართველოს ბარში შედარებით მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე მთაში. მთიელთა ყოფაში ნივთიერი ქონების ნაცვლად არსებობდა საქონლის გატანების წესი, რასაც სათავნო ერქვა. საქართვ. ყველა კუთხესა და მოსახლ. ყველა სოც. ფენაში მ-ის მიცემა ხდებოდა ქორწილის წინ ან ქორწილში. მ-ს ემატებოდა ქორწილის დღეს საქმროს ოჯახის ან ახლო ნათესავების მიერ პატარძლისათვის მირთმეული „პირსანახავი“ (სამკაულები, ფული, ტანსაცმელი და სხვ.). ოჯახის ან ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში მ. ქალს უბრუნდებოდა, როგორც მისი პირადი საკუთრება. ქალის გარდაცვალების შემთხვევაში მ. რჩებოდა მის ქმარ-შვილს, ხოლო უშვილო ქალის მ. მისი მამის ოჯახს უბრუნდებოდა.
საქართველოში მ-ის ინ-ტის წარმოშობის თარიღი ჯერ დაუდგენელია, მაგრამ გარკვეულია, რომ სიტყვა „მზითევი“ პირველად IX ს-ში გვხვდება დაბადების ქართულ თარგმანში, ხოლო სადღეისოდ ცნობილი მ-ის წიგნებიდან უძველესი შედგენილია 1597. დღევანდელ ვითარებაში მ-ს დაკარგული აქვს ეკონ. მნიშვნელობა.
ლიტ.: იაშვილი მ., საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიიდან (XVII-XIX სს.), თბ., 1976; ითონიშვილი ვ., ქორწინების ზოგიერთი წეს-ჩვეულება ძველ თბილისში, თბ., 1959; მისივე, ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960; მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიური ისტორიიდან (მზითვის წიგნები), მ. იაშვილის გამოც., თბ., 1974; მაჩაბელი ნ., ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, თბ., 1978; ნადარეიშვილი გ., ქართული საოჯახო სამართლის ისტორიიდან, თბ., 1965; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ., 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
ვ. ითონიშვილი