მზის საათი, ხელსაწყო, რომლითაც საზღვრავენ დროს მზის ნათების მიხედვით. კლასიკური მ. ს-ის სამი ტიპი არსებობს: ეკვატორული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ეკვატორული მ. ს-ის დისკოზე (ციფერბლატზე) პერპენდიკულარულად დამაგრებულია ღერო, გნომონი. ღეროს ჩრდილი ეცემა ციფერბლატის დანაყოფებზე, ხაზებზე, რ-იც აჩვენებს თანამიმდევრულ საათებს. ეკვატორული მ. ს. დახრილია ისე, რომ ციფერბლატი განლაგებულია ცის ეკვატორის სიბრტყეში. ღერო მიმართულია სამყაროს ღერძის გასწვრივ. მისი დახრის კუთხე ჰორიზონტთან უდრის დაკვირვების ადგილის გეოგრ. განედს. ღეროს ჩრდილი ციფერბლატზე მოძრაობს იმავე სიჩქარით, როგორითაც მზე. ჰორიზონტალური მ. ს-ის ციფერბლატი განლაგებულია ჰორიზონტის სიბრტყის პარალელურად. მასზე პერპენდიკულარულად დამაგრებულია სამკუთხა ფირფიტა (ღეროს ნაცვლად), რ-ის კიდე ჩამოჭრილია ისეთი კუთხით, რომ იგი უდრის დაკვირვების ადგილის გეოგრ. განედს. სამკუთხა ფირფიტა განლაგებულია ცის მერიდიანის სიბრტყეში. ციფერბლატის საათობრივი დანაყოფები არათანაბარია. ვერტიკალური მ. ს. თავსდება შენობებისა და ნაგებობების კედლებზე. მისი ციფერბლატი ჰორიზონტის სიბრტყის პერპენდიკულარულია, ვერტიკალური ზუსტად სამხრეთზეა ორიენტირებული და დაყოფილია თანაბრად. ღერო ან სამკუთხა ფირფიტა ციფერბლატზე მაგრდება პერპენდიკულარულად და მიმართულია დედამიწის ღერძის პარალელურად. მისი დახრის კუთხე ჰორიზონტის სიბრტყესთან უდრის ვერტ. მ. ს-ის გეოგრ. განედს. ვერტ. მ. ს. გვაჩვენებს ჭეშმარიტ მზისიერ დროს. მ. ს. ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომსა და ჩინეთში.
საქართველოში მ. ს. გავრცელებული იყო ანტ. ხანასა და შუა საუკუნეებში, თუმცა გვხვდება უფრო გვიანდ. ეგზემპლარებიც. გელათის მონასტრის სამხრ. კედელზე განთავსებულია ვერტ. მ. ს. ციფერბლატი ამოღარულია ადამიანის სიმაღლეზე, ცენტრში მოთავსებულია ღერო. ამოღარვის სიღრმეა 0,5 სმ, ღეროს სიგრძე – 22 სმ, სისქე – 2 სმ. ციფერბლატი დაყოფილია თანაბრად. ყოველი დანაყოფი აღნიშნავს 1 სთ-ს. საქართველოში ვერტ. მ. ს. სხვა მონასტრების კედლებზეც გვხვდება, მაგ., ფოკის წმ. ნინოს (XIს.), დიდი გომარეთის ღვთისმშობლის (XI-XII სს.) ეკლესიებზე და ანანურის კომპლექსზე (XVII ს.).
ლიტ.: ტყეშელაშვილი ლ., გელათი, ქუთ., 2007; Simonia I., Jijelava B., Astronomy in Ancient Caucasus. Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy, 2015.
ი. სიმონია