მზიური

მზიური, საბავშვო ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი; მდებარეობს თბილისში მდ. ვერეს ხეობაში. მზიურის დაარსების ინიციატივა – ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის (1975). 1975-77 მიღებული იყო სამთავრობო დადგენილიბები მ-ის შექმნის შესახებ. საბავშვო ქალაქის მშენებლობა დაიწყო 1981. პროექტზე არქიტექტორთა დიდი ჯგუფი მუშაობდა. კომპლექსის პირველი რიგის მშენებლობა დაიწყო ი. ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან, საიდანაც იყო საბავშვო ქალაქში ყველაზე მისადგომი და გამოსაჩენი ჩასასვლელი. მ. საზეიმოდ გაიხსნა 1982 წლის 29 ოქტომბერს. 1984 საბავშვო ქალაქს მიენიჭა ნ. დუმბაძის სახელი. კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგდა სასეირნო ბილიკები, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, კაფეები, სხვადასხვა დეკორ. ქანდაკება და ჟანრული სკულპტურული ჯგუფი, შექმნილი ნ. დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მოტივებზე. მიმზიდველი და გამორჩეულია მზიურის მთავარი შესასვლელის არქიტექტურულ-სკულპტურული კომპოზიცია. 2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაზიანდა პარკის ქვედა ნაწილი, რ-იც უშუალოდ მდინარის ნაპირზე იყო გაშენებული. 2019-20 პარკს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რ-ის შედეგადაც აღადგინეს 2015 განადგურებული პარკის ქვედა ნაწილი. რეაბილიტაციის შედეგად პარკში შეიქმნა ისეთი ტიპის სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები, რ-მაც მზიური ბევრად უფრო მიმზიდველი გახადა ყველა ასაკის ადამიანისათვის.