მთავარი, ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს ან პოლიტიკური გაერთიანების მეთაური IX-XVI სს-ში. თავდაპირველად მ. გვარის ბელადი იყო, შემდეგ თანდათან გადაიქცა ადრინდ. ფეოდ. სახელმწიფოს მეთაურად. მ-ის ძალაუფლება თავდაპირველად არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობით გადადიოდა (რიურიკოვიჩები რუსეთში, გედიმინოვიჩები და იაგელონები ლიტვაში, პიასტები პოლონეთში და სხვ.). ლიტვასა და რუსეთში მ-ები იყვნენ მსხვილ ფეოდ. გაერთიანებათა მეთაურები და დიდი მ-ები ეწოდებოდათ. ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან ერთად მათ მეფის ტიტული მიიღეს.
ძვ. საქართველოში ტერმინ „მთავარს“ ზოგადი პოლიტ. და სოც. შინაარსი ჰქონდა. იგი ნაწარმოებია ფუძისაგან „თავ“ (თავ-ი) და აღნიშნავს უფროსს, მეთაურს, მმართველს, ხელისუფალს, ხელმწიფეს. ქართლის (იბერიის) სამეფოს არსებობის ხანაში მ. უპირატესად ცენტრ. აპარატის დიდ მოხელეს ეწოდებოდა, პროვინციის მმართველი „ერისთავისაგან“ განსხვავებით, მაგრამ ეს უკანასკნელიც ზოგადი აზრით მ. იყო.
VI-VIII სს-ში ქართ. და უცხოური წყაროები საზ-ბის მმართველი წრის წარმომადგენლებს ქართლში მ-ებს უწოდებდნენ, თუმცა მათ სხვადასხვა სახელოები ეკავათ, მ. შ. უპირველესი ადგილი ქართლის ერისმთავარს ეჭირა, რ-საც წყაროებში ხშირად მ. ეწოდება. VIII ს-ში, როცა ქართლის სამეფო პოლიტიკურად საბოლოოდ დაიშალა და ხელისუფლება ცალკეული დიდი ფეოდალების ხელში გადავიდა, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, „იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას“. მ-თა ასეთი სიმრავლის სურათია ასახული ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.
VIII ს. დასასრ. და IX ს. დასაწყისში ამ ბრძოლის შედეგად საქართვ. მიწა-წყალზე რამდენიმე მსხვილი პოლიტ. გაერთიანება წარმოიქმნა, რ-თა სათავეში მ-ები იდგნენ. ქართ. საისტ. წყაროების მიხედვით, მ-ად იწოდებოდნენ, მაგალითად, კახეთის, ჰერეთისა და აფხაზეთის მმართველები.
საქართვ. გაერთიანების შემდეგ მ-ს შეესაბამებოდა დიდებული აზნაური, დიდებული. ჟამთააღმწერელი XIII-XIV სს. საქართვ. უმაღლესი პოლიტ. და სოც. წრის წარმომადგენელთა აღსანიშნავად ხშირად ხმარობს ტერმინ „მთავარს“.
XV-XVI სს-ში, საქართვ. ერთიანი სამეფოს პოლიტ. დაშლის შემდეგ, ყოფ. საერისთავო ქვეყნების მოხელე ერისთავები (ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შერვაშიძე) დამოუკიდებელ ხელისუფლებად, ანუ მ-ებად გადაიქცნენ, ისინი იშვიათად და ფორმალურად ემორჩილებოდნენ მეფეს. ეს ვითარება გაგრძელდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე. ამის შემდეგ მ-ების დამოუკიდებლობა დასრულდა.
ლიტ.: ბოგვერაძე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV-VIII საუკუნეებში, თბ., 1979; გაბაშვილი ვ., ქართლის ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958; სურგულაძე ი., „ძეგლი ერისთავთა“ და მისი მნიშვნელობა სახელმწიფოს წარმოშობის ზოგიერთი საკითხისათვის, „საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე“, 1942, ტ. 13.
ა. ბოგვერაძე