ნიკო (ნიკოლოზ) ნიკოლაძე (1843–1928), პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ციურიხის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. დაიბადა საქართველოში, ქ. ქუთაისში. 1861 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო იმავე წელს დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1862-64 წლებში პეტერბურგის ჟურნალებში - "ისკრასა" და "სოვრემენნიკში" აქვეყნებდა ნარკვევებს; რედაქტორობდა გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს". 1864 წელს სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში გაემგზავრა. პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტიში", ა. გერცენის მიწვევით - გაზეთ "კოლოკოლში". 1866 წელს მან შვეიცარიაში ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა". 1868 წელს ჟენევაში მ. ელპიდინთან ერთად გამოსცემდა ჟურნალ "პოდპოლნოე სლოვოს", ხოლო ლ. მეჩნიკოვთან ერთად - ჟურნალ "სოვრემენნოსტს". 1868 წელს ნ. ნიკოლაძემ დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი. 1872-73 წლებში იყო პარიზში, გამოსცემდა გაზეთ "დროშას", ცდილობდა მოეგვარებინა ტყიბულის ქვანახშირის საქმეები. 1873 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა: თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში, 1878 წლიდან გამოსცემდა რუსულენოვან გაზეთ "ობზორს", რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და ნ. ნიკოლაძე სტავროპოლში გადასახლდა. 1881 წელს სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნ. "ოტეჩესტვენნიე ზაპისკიში". 1886 წლიდან თბილისში იყო მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1887_1912 წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. 1920 წელს იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელეგაციის მეთაური. 1924 წელს ნ. ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა.
ნ. ნიკოლაძე ეწეოდა მრავალმხრივ საზოგადოებრივ მოღვაწეობას: მეთავეობდა და ხელმძღვანელობდა თბილისის წყალსადენის, ფოთის ნავსადგურის, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის, გროზნო-ფოთის ნავთობსადენის და სხვ. პროექტებს. მან დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურული კრიტიკის განვითარებაში.
ნ. ნიკოლაძე გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.