პროხორე ქართველი (985-990–1066), იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის აღმშენებელი. თავდაპირველად მოღვაწეობდა კლარჯეთში, წყაროსთავის მონასტერში, სადაც მიიღო ჯერ დიაკვნის, ხოლო შემდეგ ხუცესის ხარისხი. 1015-25 წლებში მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბა პალესტინელის ლავრაში. ვარაუდობენ, რომ პროხორე ქართველი 1025 წელს უნდა შედგომოდა ჯვრის მონასტრის მშენებლობას, რაც დაასრულა 1060 წელს. 1061 წლამდე ამ მონასტრის წინამძღვარი იყო. 1061 წელს იგი არნონის უდაბნოში (პალესტინა) გაემგზავრა. პროხორე ქართველს ურთიერთობა ჰქონდა გიორგი მთაწმიდელთან, ათონის და შავი მთის ქართულ მონასტრებთან, რომლებიც ჯვრის მონასტერს ამარაგებდნენ ქართული ხელნაწერი წიგნებით. პროხორე ქართველის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი "პროხორეს ცხოვრება" (დაწერილია 1066-70 წლებში).
პროხორე ქართველი გარდაიცვალა პალესტინაში.