სააკაძე გიორგი

სააკაძე გიორგი (დაახლ. 1570–1629), პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. წარმომავლობით სამეფო აზნაური. დაიბადა საქართველოში, სოფ. ფელში. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე XVI ს-ის 90-იანი წლებიდან გამოვიდა. იყო თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი. გ. სააკაძის მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და საქართველოს გაერთიანება, რამაც მას და მის მომხრეებს მტრები გაუჩინა დიდი ფეოდალების სახით. მოეწყო შეთქმულება გ. სააკაძის წინააღმდეგ, რამაც 1612 წელს იგი იძულებული გახადა სპარსეთისათვის შეეფარებინა თავი. წლების მანძილზე იგი შაჰ-აბას I-ის კარზე იყო და დიდი გავლენით სარგებლობდა. შაჰ-აბასმა სააკაძის მონაწილეობით დალაშქრა ინდოეთი, ყანდაარი (1623) და ბაღდადი (1623). 1625 წელს სააკაძე სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას, მიმართულს ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რამაც იხსნა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან. ამ დამსახურებისათვის ქართველმა ხალხმა მას დიდი მოურავი უწოდა. ამ აჯანყებას შეეწირა გიორგი სააკაძის შვილი პაატა, რომელიც მძევლად იყო შაჰ აბას I-ის კარზე. შაჰის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს და მამას გაუგზავნეს საქართველოში. მალე, სამეფო კარის ინტრიგების გამო, თეიმურაზ I-სა და სააკაძეს შორის მოხდა განხეთქილება, იგი მეფეს აუჯანყდა, მაგრამ 1626 წელს ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო. აქ იგი კონიის (იკო­ნიის) ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეს იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ. მიზანი კვლავ სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება იყო, მაგრამ მან ოსმალებისგან დახმარება ვერ მიიღო. დიდი ვეზირის ხუსრევ ფაშას ბრძანებით, ღალატში ეჭვმიტანილი სააკაძე შეიპყრეს და ჰალაბში (ალეპოში) სიკვდილით დასაჯეს.

გიორგი სააკაძის ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესოდ არის აღწერილი რუსი მწერლის ა. ანტონოვსკაიას რომანში `დიდი მოურავი~.