საიდ ალი ფაშა ალ-კაპუდანი

საიდ ალი ფაშა ალ-კაპუდანი (გარდ. 1826), ალჟირის საფაშოს საზღვაო ძალების მეთაური, ოსმალეთის ფლოტის მეწინავე ხომალდის კაპიტანი. წარმოშობით ქართველი. სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდული საიდ ალი ალჟირში მოხვდა და იქაური გამგებლის მუჰამად ბინ უსამა ფაშის კარზე აღიზარდა. თავისი კარიერის დასაწყისში ჰასან კაპუდან ფაშასთან მსახურობდა. მამაცი და გონებაგამჭრიახი საიდ ალი სწორედ მისი ხელშეწყობით გახდა ოსმალეთის ფლოტის მეწინავე ხომალდის მეთაური. 1787-91 წლების რუსეთ-თურქეთის ომში საიდ ალი ფაშა ალ-კაპუდანი ტენდერასა და კალიაკრიის საზღვაო ბრძოლებში მონაწილეობდა. 1797 წლამდე ანატოლიის მმართველი იყო. 1807 წელს საიდ ალი ფაშა ალ-კაპუდანი ოსმალეთის კაპუდან ფაშად დაინიშნა. 1820-21 წლებში ოსმალეთის იმპერიის დიდვეზირის თანამდებობა ეკავა.

საიდ ალი ფაშა ალ-კაპუდანი სტამბოლში გარდაიცვალა.