სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა (1694–1762), ერაყის მამლუქი გამგებელი. თორმეტი წლისა წაიყვანეს საქართველოდან უცხოეთში და ერაყის გამგებელს - ჰასან ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. შემდეგ სულეიმან ფაშა ჰასანის ვაჟისა და მემკვიდრის აჰმედ ფაშას სიძე გახდა. 1733 წელს მას მირმირანის (მთავარსარდლის) ტიტული უბოძეს და ქაჰიას (ფაშის მოადგილის) თანამდებობაზე დანიშნეს. 1747 წელს ადანის გამგებლად გადაიყვანეს, იქიდან ერთი წლის შემდეგ ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) გაგზავნეს. როცა 1747 წელს აჰმედი გარდაიცვალა, ოსმალეთის სულთანმა, მამლუქებს რომ ძალაუფლება ხელთ არ აეღოთ, ბაღდადის გამგებლად (ვალი) თავისი კაცი დანიშნა, მაგრამ სულეიმანმა ის გააძევა და ქართველებზე დაყრდნობით 1749 წელს ერაყის პირველი მამლუქი ფაშა გახდა. სულეიმან ფაშა აბუ-ლაილის ზეობით იწყება ერაყში მამლუქთა გამგებლობის ხანა.