სულეიმან ფაშა ბუიუქი

სულეიმან ფაშა ბუიუქი (1722-1802), ბაღდადის ფაშა (1780­-1802). მისი ზეობა ითვლება ოქროს ხანად ერაყის მამლუქთა ისტორიაში. იგი ახალგაზრდობისას საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. მარდინის გამგებელმა მუჰამად ეფენდი ბეგმა იგი ბაღდადში ჩაიყვანა და ერაყის გამგებელს, წარმოშობით ქართველ სულეიმან აბუ-ლაილას უფეშქაშა. იგი აბუ-ლაილამ თავისი თანამემამულე მამლუქთაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა და დააწინაურა. 1765 წელს ბასრის გამგებლად დანიშნეს. 1780 წელს იგი ერა­ყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში და ოცდაორ წელს განაგებდა. თავისი კლანის გასაძლიერებლად მან ერაყში დიდძალი ქართველი შემოიყვანა, განამტკიცა ბატონობა დაქსაქსულ მამლუქებზე და შეზღუდა იანიჩართა გავლენა. მისი პოლიტიკის ძი­რი­თადი მიმართულება იყო ერაყის გაძლიერება, ირანელთა თავდასხმებისა და არაბ ტომთა გამუდმებული თარეშის აღკვეთა, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ურთიერთობა ევროპასთან. იგი იყო ქულემენების ქართული დინასტიის ფუძემდებელი ერაყში.