მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878–1965), მეცნიერი, ფილოლოგი, პუბლიცისტი. თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი. დაიბადა საქართველოში, სოფ. ცხრუკვეთში. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. შემდეგ გაემგზავრა პარიზში, ერთხანს სწავლობდა სორბონას უნივერსიტეტში. 1901 წელს პარიზიდან გაასახლეს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. 1907 წელს კვლავ საქართველოში იყო. აღსანიშნავია მისი სიტყვა, წარმოთქმული ი. ჭავჭავაძის დაკრძალვაზე. ამის შემდეგ ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1918-23 წლებში მუშაობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში (ამ უნივერსიტეტებში განაგებდა ასირიოლოგიისა და ქართული ენის კათედრებს). იკვლევდა ქართველი ერისა და ქართული ენის წარმოშობის, ურარტუსა და ხეთების ისტორიისა და ენის საკითხებს. წერილებს აქვეყნებდა ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე. მისი ფსევდონიმები იყო BBaton, მ. სანგალა. მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "ერი და კაცობრიობა" (1910), "სუმერული და ქართული" (კრებ. "გვირგვინი", თბილისი, 1912), "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი (კონსტანტინოპოლი, 1923), "ურარტუს მეფის სარდურის ახალი წაკითხვა" (ჰაიდელბერგი, 1928; პარიზი, 1933-1951), ს.-ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" გერმანული თარგმანი (ბერლინი, 1933), "ქართლის ცხოვრების" დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების თხზულებები გერმანული თარგმანითურთ (პარიზი, "ბედი ქართლისა", 1957-58). 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შ. რუსთაველის "ვეფხიტყაოსნის" მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი (გერმანული თარგმანი - 1957).

მ. წერეთელი გარდაიცვალა მიუნხენში.