ფერდინანდ კარლ ოტენი (1850-1930), გერმანელი ფარმაცევტი, საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელი იმიგრანტების ოჯახიდან. ფარმაცევტული განათლება იურიევში (ტარტუ) მიიღო. აფთიაქებში სამსახური ყარსში საველე აფთიაქის გახსნით დაიწყო და აქედან მოყოლებული, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იმოღვაწა აფთიაქის მმართველის თანამდებობაზე, უმეტესწილად საქართველოში. თბილისში ოტენმა შეიძინა გერმანელი ფარმაცევტის, ფლორ შონბერგის მიერ 1829 წელს აქ დაარსებული პირველი აფთიაქი. მან დღევანდელი ლეონიძის ქ. #8-ში აიშენა სამსართულიანი სახლი და მის პირველ სართულზე ახალშეძენილი აფთიაქი განათავსა. ოტენი ორ აფთიაქს ხელმძღვანელობდა: ერთს – თბილისის მუდმივი მოსახლეობისათვის, ხოლო მეორეს – ჩამოსულებისათვის განკუთვნილს. იჯარით ჰქონდა აღებული საქალაქო სამკურნალო დაწესებულებების აფთიაქი, რომელსაც 1887 წელს მოუცლელობის გამო თავი დაანება, ამ აფთიაქს კი სათავეში ე. ზემელი ჩაუდგა.
ფ. ოტენი საქართველოში პირველი სამედიცინო საექსპერტო ლაბორატორიის დაარსებამდე მონაწილეობდა კრიმინალურ ექსპერტიზაშიც.