გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი (1871-1899), დიდი მთავარი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟი. ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა. ტუბერკულოზით დაავადებულ გიორგი ალექსანდრეს ძეს ექიმებმა ურჩიეს მკურნალობა აბასთუმანში, რომელსაც იმ დროისთვის, როგორც კურორტს, უკვე სახელი ჰქონდა განთქმული. ალექსანდრე III-მ, რომელიც ხვდებოდა, რომ მის ვაჟს კარგა ხანს მოუწევდა აბასთუმანში ცხოვრება, 1892 წელს შეიძინა იქ მიწის ნაკვეთი და აგარაკი, და უფლისწული აბასთუმანში დასახლდა. გიორგი ალექსანდრეს ძემ საკუთარი სახსრებით აიშენა ხის საზაფხულო სასახლე, რომელსაც გემოვნებით გაფორმებული ინტერიერი და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯი ამშვენებდა. მალე მისივე ინიციატივით აიგო ქვის ზამთრის სასახლე. უფლისწულს ძალიან მოსწონდა აბასთუმანი და მისი შემოგარენი, მოგზაურობდა სამხრეთ საქართველოში. სოფ. ზარზმაში მოხიბლულა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლით – ზარზმის ეკლესიით და განუზრახავს მსგავსის აგება აბასთუმანშიც. მართლაც, 1898 წელს აბასთუმნის ცენტრში, თბილისში მოღვაწე ცნობილი ხუროთმოძღვრის ო. სიმონსონის პროექტით აშენდა წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც ახალი ზარზმის ეკლესიის სახელითაც არის ცნობილი. ეკლესიის მოსახატავად მოუწვევიათ მხატვარი მ. ნესტეროვი.
ბავშვობიდან ასტრონომიით გატაცებულმა უფლისწულმა 1892 წელს აბასთუმანში მიიწვია ცნობილი ასტრონომი ს. გლაზენაპი. რადგან აბასთუმნის ასტროკლიმატი უნიკალური გამოდგა ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის, გიორგი ალექსანდრეს ძემ აქ ააგო იმპერიაში პირველი სამთო ასტრონომიული კოშკი, სადაც დადგა მცირე ზომის ტელესკოპი. კოშკს „გიორგისეული“ უწოდეს და იგი 1892 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ამ სამთო ასტრონომიული კოშკის ბაზაზე 1932 წელს აშენდა საქვეყნოდ ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
1899 წლის 28 ივნისს, დილით, უფლისწული აბასთუმანში „ტრიციკლით“ (სამთვლიანი ველოსიპედი ბენზინის ძრავით) სეირნობისას სისხლის ღებინებისგან გარდაიცვალა, რაც, როგორც სამეფო ოჯახი ვარაუდობდა, ველოსიპედით რყევამ გამოიწვია. იმ ადგილას, სადაც ტახტის მემკვიდრე დაეცა, იტალიური მარმარილოს სამლოცველო ააგეს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.
გ. რომანოვი დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ეკლესიაში.