გიორგი სმირნოვი (1876-1964), გეოლოგი, კავკასიის მკვლევარი. წარმოშობით რუსი. დაიბადა თბილისში. მამა, მიხეილ სმირნოვი, პეტერბურგში ცნობილი სმირნოვების ოჯახის შთამომავალი, XIX ს-ის II ნახევარში საქართველოში დასახლდა. დედა – ელისაბედ თამამშევა – თბილისის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახიდან იყო. გ. სმირნოვი სწავლობდა თბილისის I კლასიკურ გიმნაზიაში. 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1901-1903 წლებში გერმანიაში, ქ. ლაიფციგში, სტაჟირებას გადიოდა პეტროგრაფიის განხრით. გ. სმირნოვი მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1919-1956), კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში (1929‑1957). იგი იყო სამხრეთ კავკასიაში პეტროგრაფიული სკოლის დამაარსებელი.
თბილისში ყოფ. განის, ამჟამად გ. ტაბიძის ქ. #20-ში მდებარე სახლი, რომელიც გიორგის დედას, ელისაბედ თამამშევას, მამამ მზითვად მისცა, ცნობილი იყო როგორც „სმირნოვების სახლი“ – თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი თითქმის 100 წლის მანძილზე. ამ სახლში, რომელშიც თავმოყრილი იყო გიორგი სმირნოვის ბებიის, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის პეტერბურგული სალონის ბიბლიოთეკა, არქივი და პუშკინის ეპოქის რელიკვიები, ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მეცნიერები და მწერლები, მათ შორის ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე და სხვ.
გ. სმირნოვის მეუღლემ, ევგენია ფონ შლეირმა და შვილმა მიხეილ სმირნოვმა 1985 წელს საქართველოს საჩუქრად გადასცეს „სმირნოვების სახლი“ თავისი საოჯახო უნიკალური სიძველეთა კრებულით. 2010 წელს ამ სახლში სმირნოვების მუზეუმი გაიხსნა.
გ. სმირნოვი თბილისში გარდაიცვალა.