სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი (1924-1990), კინორეჟისორი. ეროვნებით სომეხი. დაიბადა თბილისში, 1942 წელს ჩააბარა თბილისის სარკინიგზო-სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1943 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე, პარალელურად – ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1945 წელს მოსკოვში გაემგზავრა. 1952 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1952–1973 წლებში იყო კიევის ა. დოვჟენკოს სახ. კინოსტუდიის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს ს. ფარაჯანოვი დააპატიმრეს. 1978 წელს, განთავისუფლების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა. 1982–1990 წლებში მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

ს. ფარაჯანოვი გამორჩეული ხელწერის კინორეჟისორი იყო. მას აღიარება მოუტანა 1964 წელს გადაღებულმა ფილმმა „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელიც 1966 წელს საფრანგეთში აჩვენეს სათაურით „ცეცხლის ცხე­ნები“. გადაღებული აქვს ფილმები: „ბროწეულის ყვავილობა“ (1968), „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985), „აშუღი ქერიბი“ (1988).

ს. ფარაჯანოვის ფილმები დაჯილდოებულია მრავალი საერთაშორისო ფესტივალის პრიზით, პრემიითა და დიპლომით.

1989 წელს ს. ფარაჯანოვმა დაიწყო მუშაობა ავტობიოგრაფიულ ფილმზე – „აღიარება“, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაასრულა. ფილმი თბილისს ეძღვნებოდა. ასევე, მუშაობდა ფილმზე „შუშანიკის წამება“.

„მე ეროვნებით თბილისელი ვარ“ – ასე ამბობდა ს. ფარაჯანოვი. თბილისელობა მისთვის ამ ქალა­ქის სიყვარულს, პატივისცემას, მის მსახურებას ნიშნავდა.

მძიმედ დაავადებული ს. ფარაჯანოვი ერევანში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დაკრძალულია ერევნის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.