ჟან შარდენი (1643-1713), ფრანგი მოგზაური, იუველირი და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე. დაიბადა პარიზში, შეძლებული იუველირის ოჯახში. მამამ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა და საიუველირო საქმე შეასწავლა. მაგრამ ახალგაზრდა შარდენი მოგზაურობით იყო გატაცებული. 1671-1679 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაწერა ვრცელი თხზულება „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“, რომლის პირველი ნაწილი 1686 წელს გამოქვეყნდა, ხოლო სრული სახით 1711 წელს დაიბეჭდა. თხზულების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი შეეხება საქართველოს, სადაც შარდენმა 1672-1673 წლებში იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი ფაქტები და მოვლენები, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო ცნობებით საქართველოს წარსულის შესახებ, რომლებიც ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან ამოკრიბა. აქვე ვხვდებით ძველი თბილისის გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის, მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. „მოგზაურობის“ ამ ნაწილში ჩართულია იმ დროს საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ჯ. ძამპის თხუზულება, რომელიც თვით ძამპის გადაუცია შარდენისათვის. ძამპისეული თხზულების დედანი დაკარგულია, ასე რომ, ძამპის ნაშრომი მხოლოდ შარდენის „მოგზაურობამ“ შემოგვინახა.
1861 წელს შარდენი ლონდონში დასახლდა, დაინიშნა სამეფო კარის იუველირად. ჩარლზ II-მ მას რაინდობა უბოძა. ამიერიდან ის სერ ჯონ შარდენად იხსენიებოდა.
ჟ. შარდენი გარდაიცვალა ლონდონში. დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში. მის საფლავზე ლათინური წარწერაა – „სახელი გაითქვა მოგზაურობით“.