ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1937), გრაფიკოსი და ფერმწერი. ეროვნებით პოლონელი. დაიბადა ქუთაისში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში. 1877–1898 წლები მან საზღვარგარეთ - იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა. სწავლობდა ფლორენციის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში. 1898 წელს საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო დეკორატიული ხელოვნების სფეროში. 1904 წელს მიიწვიეს კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში ხატვის მასწავლებლად, 1910 წელს – ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. 1922–1937 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (პროფესორი 1922-იდან).
ჰ. ჰრინევსკიმ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა შესწავლაში. ძეგლების მისეული ჩანახატები გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი მხატვრული ღირსებით (იგი ბრწყინვალე აკვარელისტი იყო), არამედ დოკუმენტური სიზუსტითაც. ჰ. ჰრინევსკიმ არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად შექმნა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდ. ეროვნული ბიბლიოთეკა) პროექტი, მხატვრულად გააფორმა ამ შენობის ინტერიერები. ჰ. ჰრინევსკი იყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა პირველი ილუსტრატორი - 1914 წელს გამოცემულ თხზულებათა ერთტომეულისა. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „პეიზაჟი“ (1907), „ვენეციის ბაზარი“ (1917), „ატენის სიონი“ (1919), „ბალერინა“ (1920), „მდინარე რიონის ნაპირი“ (1925). ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ჰ. ჰრინევსკი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდა. ეს იყო მრგვალი, გუმბათით გადახურული დარბაზი – მისი სახელოსნო. იქვე ახლოს მდებარეობდა მისი მეუღლის, მარია პერინის, საბალეტო სტუდია.
ჰ. ჰრინევსკი 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.