ეთნიკური ჯგუფი, საერთო წარმომავლობით, ენითა და კულტურით დაკავშირებულ ადამიანთა ერთობლიობა, მოქცეული უცხო ეთნ. გარემოში. ე. ჯ. ამა თუ იმ ეთნოსში ინარჩუნებს სამეურნეოყოფითი და კულტ. ტრადიციების სპეციფ. თავისებურებებს (ხშირად ენასაც), ამასთან იგი, როგორც გარეშე ელემენტი, უცხო ეთნ. გარემოში ექვემდებარება ასიმილაციას და კონსოლიდაციას. როცა ასიმილაცია დასრულდება, მაშინ ე. ჯ. არსებობას წყვეტს და მთლიანად ერწყმის უცხო ეთნოსს. ე. ჯ. საკუთარი ეთნოსის პოზიციიდან განიხილება როგორც ეთნოგრ. ჯგუფი. ცნობილია დიდ ევრ. ხალხებში შემორჩენილი კელტური, სლავური და სხვა ე. ჯ-ები; ციმბირისა და შორეული აღმ. პალეოაზიური ხალხები; ესკიმოსები, ამერ. ინდიელები, აგრეთვე ამიერკავკასიაში კომპაქტურად მოსახლე ქურთები, ასურელები, ბერძნები და ა. შ. წარსულში ისტ. საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი ე. ჯ. სახლობდა. ბევრმა მათგანმა, მაგ., ხეთურ-ხურიტულმა, ურარტულმა, სკვითურმა და სხვა ჯგუფებმა ქართვ. ხალხის ფორმირების ადრეულ პროცესში სრული ასიმილაცია განიცადა. მომდევნო ეპოქებში ე. ჯ-ები, კერძოდ, ებრაელები, ქისტები, ბერძნები და სხვ. ძირითადად კულტ. ასიმილაციას განიცდიან და ინარჩუნებენ ეროვნ. თვითშეგნების, კულტ. და ყოფის დამოუკიდებელ ნიშნებს. უკანასკნელი წლების ეთნოლოგიურ ლიტ-რაში ტერმინ „ეთნიკურობის" ახლებურ, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელ და ბუნდოვან ინტერპრეტაციასთან ერთად (იხ. სტ-ები: ეთნოგრაფია, ეთნოლოგია) ე. ჯ-ის გაგება არსებითად კარგავს თავის ტრადიციულ მნიშვნელობას. ცნება ეთნიკურობა „ხალხის", „ეთნოსის" ტრანსფორმირებულ სინონიმად გამოიყენება, სადაც „ეთნოსის", ე. ჯ-ის დამოუკიდებელ სოციალურ კატეგორიად არსებობა საბოლოოდ არაა განსაზღვრული.
ლიტ. იხ. სტ-თან ე თ ნ ო გ რ ა ფ ი უ ლ ი ჯ გ უ ფ ი.
ვ. შამილაძე